Belive

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"სარბიელის" მიერ ორგანიზებული საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შედეგები ცნობილი გახდა.

2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად, ცხადია, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.

22 წლის ფეხბურთელი გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს 124 ქულით აჯობა. რაც შეეხება მესამეადგილოსანს, ის გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 99 ქულა დააგროვა.

ნომინანტთა შორის ლუკა ლოჩოშვილი, გურამ კაშია, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეორედ მოიგო, პირველად მას ეს ტიტული 2020/21 წლების სეზონის შემდეგ ერგო. გარდა ამისა, ის ისტორიული გამარჯვებულიც გახლავთ, მან ხმების 98.8% მიიღო, რაც გამოკითხვის ისტორიაში სარეკორდო შედეგია, მასთან ყველაზე ახლოს კახა კალაძეა - საქართველოს ნაკრების ვეტერანმა კაპიტანმა 2002/03 წლების გამოკითხვაში ხმათა 93.3% მიიღო.

გარდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი გამოვლინდა, რომელიც ასევე ერთხმად, 82 ჟურნალისტის აზრით, დონეცკის "შახტარის" უნივერსალი, გიორგი გოჩოლეიშვილი გახდა. მან 76 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა ლუკა გაგნიძემ და გაბრიელ სიგუამ - 2-2, ხოლო საბა საზონოვმა და ლუკა გუგეშაშვილმა თითო-თითო ხმა მიიღეს.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება 1992/93 წლების სეზონიდან ტარდება და მისი პირველი გამარჯვებული გიორგი ქინქლაძეა, ხოლო რეკორდსმენი 4 გამარჯვებით საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და “მილანის” ცენტრალური მცველი – კახა კალაძე. აღნიშნული ჯილდო კარიერის განმავლობაში ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი, სოლომონ კვირკველია და სხვები არიან.

სხვა სტატიები