Belive

ხორვატული მედია | "სახოს შემდეგ, ქუთაისის ტორპედო ნანისა და პერისიჩის შეძენით ინტერესდება"

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

MERCATO-ს ცნობით, "მონპელიეში" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მამადუ სახომ ახალი კლუბი იპოვა და ეს ქუთაისის "ტორპედოა". სახო გასული წლის ნოემბრის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს, 34 წლის ფრანგი მცველი კონტრაქტს ქართულ კლუბთან გააფორმებს.


კონტრაქტის პირობების თანახმად, სახო ქუთაისში ერთი წლით ითამაშებს - 1-წლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით (1+1 კონტრაქტი). სახო კარიერის გასაგრძელებლად ოჯახისთვის იდეალურ ატმოსფეროს ეძებდა და ქუთაისის ტორპედოს პროექტმა მისი დარწმუნება შეძლო (მიმზიდველი ხელფასი, მშვიდი ოჯახური გარემო).

გარდა მამადუ სახოსა, ხორვატულ სპორტულ მედიაში, კერძოდ კი "http://gol.dnevnik.hr"-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედო" 37-წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის - ნანისა და 35-წლის ხორვატი შემტევის - ივან პერისიჩის შეძენით ინტერესდება.

ხორვატული მედიის ცნობით, ქუთაისის "ტორპედო" ამ 2 ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პროცესშია ტრანსფერი.

შეგახსენებთ, რომ ნანი წლების განმავლობაში არაერთ გრანდში თამაშობდა, თუმცა მისი კარიერა ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და პორტუგალიის ნაკრებიდან დაგვამახსოვრდა. ნანიმ "წითელი ეშმაკების" მაისურით 147 მატჩი ჩაატარა, სადაც 25 გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება ივან პერისიჩს, 35 წლის ხორვატი ფეხბურთელი, წლების განმავლობაში: "დორტმუნდში"; "ვოლფსბურგში"; "ინტერში"; "ბაიერნში"; "ტოტენჰემში" და "ჰაიდუკ სპლიტში" თამაშობდა. მას ყველაზე მეტი მატჩი ინტერში აქვს ჩატარებული (209), სადაც 49 გოლის გატანაც შეძლო.

ივან პერისიჩს ეროვნულ ნაკრებში 131 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 33-ჯერ გამოიჩინა თავი გოლით.

სხვა სტატიები