Belive

ხიზანიშვილი: "ვფიქრობთ, ნაკრები 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავა"

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

8 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდეს ამხანაგური მატჩის ეგიდით უმასპინძლა. მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ჩვენი ნაკრები პირველი ტაიმის დამატებით დროში საბა ლობჟანიძემ დააწინაურა, კაბო ვერდეს მხრიდან კი, მეორე ტაიმის მიწურულს, რაიან მენდესმა 11-მეტრიანი დარტყმით გამოიჩინა თავი.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, შეფასება გააკეთა.

"დიდი ხანია, 4 მცველით მოთამაშე ტაქტიკაზე გადასვლას ვგეგმავთ. ამხანაგურ მატჩებში, ამის ტესტირების საშუალება მოგვეცა. ვფიქრობთ, რომ მომავალში ნაკრები 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.

ფარერებისა და კაბო ვერდეს სახით, ორი განსხვავებული მეტოქე გვყავდა. კაბო ვერდე ძალიან კარგი გუნდია და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. რაც შეეხება დანიშნულ პენალტს, არ ვიცი, VAR რომ ყოფილიყო, დანიშნავდა თუ არა მთავარი მსაჯი 11-მეტრიანს. სასიხარულოა, რომ ამ ორ მატჩში არ დავმარცხდით, თუმცა შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.

კმაყოფილები ვართ გაგნიძისა და გულიაშვილის თამაშით. მათ ამ ორ მატჩში თავი გამოიჩინეს და ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. ჩვენ მათ ასპარეზობას პოზიტიურად ვაფასებთ.

დიდი პოტენციალი აქვს 16 წლის საბა ხარებაშვილს, რომელსაც ფარერის კუნძულებთან დებიუტი ჰქონდა, თუმცა მან ძალიან ბევრი უნდა იშრომოს იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში თავი დაიმკვიდროს.

გაგუას მოედანზე არყოფნას რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით: ჩვენ რომ მისით დაინტერესებულები არ ვიყოთ, ის ჩვენთან ერთად არ იქნებოდა. გაგუას პროგრესს დიდი ხანია ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ფეხბურთელს. შეიძლება, ისმის კითხვა: "თუ გამოიძახე, რატომ არ ათამაშე". ამის პასუხად გეტყვით, რომ არის კომპონენტები, რომელსაც მთავარი მწვრთნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს".