Belive

"მამარდაშვილი შანსის გამოსაყენებლად მზადაა" - ზურაბ ხიზანიშვილი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იმ ფონზე, როდესაც ალისონმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე დაბრუნებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს, გიორგი მამარდაშვილს ბრწყინვალე შანსი აქვს დაამტკიცოს, რომ მერსისაიდული გრანდის მომავალი ნომერ პირველი მეკარეა.

ცნობილი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტი დევიდ ლინჩი ზურაბ ხიზანიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ბლექბერნისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს და სჯერა, რომ მამარდა მიღებულ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.

ერთ-ერთი რამ, რაც მამარდაშვილში ყველაზე მეტად გვიყვარს, მისი პიროვნული უნარებია. ის მოედანზე და მის მიღმა ძალიან მშვიდია. ვამბობთ, რომ მამარდაშვილის ვენებში "გერმანული სისხლია", რადგან ის საკმაოდ ცივია. ჩვენ ქართველები განსხვავებული ხალხი ვართ, შედარებით თბილი.

მამარდაშვილის მამაც მეკარე იყო, რომელიც დინამო თბილისში თამაშობდა. ასე რომ ფეხბურთი მის სისხლშია. როდესაც მეკარე ხარ და მაღალ დონეზე თამაშობ, ასეთი პიროვნული უნარები და სიმშვიდის შენარჩუნება გჭირდება. კარიერის განმავლობაში, დაცვაში თამაშის დროს, როდესაც ჩემს უკან ბრედ ფრიდელი ან სტეფან კლოსი იდგნენ, თავს მშვიდად ვგრძნობდი. მამარდა ზუსტად ასეთი მეკარეა.

მასთან 5 წელია ვმუშაობ და გულწრფელად გეტყვით, როდესაც ვხედავ, როგორ გვიტევს მეტოქე გუნდი, მშვიდად და აუღელვებლად ვადევნებ თვალს, რადგან კარში მამარდაშვილი დგას. ვიცი, რომ საკმაოდ რთულია მისთვის გოლის გატანა - ამას საწვრთნელ პროცესზე ძალიან ხშირად ვხედავ, როდესაც მის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. - ზურაბ ხიზანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი ჩელსის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. მამარდაშვილს ლივერპულის მაისურის მორგება მანჩესტერ იუნაიტედისა და მანჩესტერ სიტის წინააღდეგაც მოუწევს.

სხვა სტატიები