Belive

ხავი: 'სირცხვილია, რომ ლა ლიგაში კარის ხაზის ტექნოლოგია არ არის'

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 32-ე ტურში 'ელ კლასიკო' შედგა. "რეალმა" ბერნაბეუზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ისევე, როგორც ჩემპიონატის პირველ წრეში, გამარჯვება მოიპოვა. ბარსელონა შეხვედრას ორჯერ იგებდა, თუმცა რეალმა ორივე შემთხვევაში სწრაფად გაათანაბრა, მატჩის 91-ე წუთზე კი ჯუდ ბელინგემმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა.

შეხვედრაში იყო მომენტი, როცა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ლამინ იამალმა მიმართულება ისე შეუცვალა, რომ მადრიდელთა კარში წავიდა, ლუნინმა შეძლო მოგერიება, მაგრამ მთავარი კითხვაა, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ, VAR-მა გოლი გააუქმა. ესპანეთის ჩემპიონატში კი კარის ხაზის ტექნოლოგია არ არსებობს.

ეს სირცხვილია, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ მსოფლიოში საუკეთესო ლიგა, ამ თვალსაზრისით წინსვლა უნდა გვქონდეს, თქვენ უნდა დანერგოთ ტექნოლოგია. რეალს არაჩვეულებრივი ჩემპიონატი აქვს, მათ მხოლოდ ერთი თამაში წააგეს და ამით ყველაფერი ნათქვამია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ და 3 ქულას ვიმსახურებდით - განაცხადა მატჩის შემდეგ ხავი ერნანდესმა

საკუთარი მწვრთნელის აზრს ბარსელონას მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც დაეთანხმა, მისი თქმით, ქვეყანაში უამრავი ფულია და ეს ფული ყველაზე საჭირო რამისთვის ვერ გამოინახა. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური დარჩა, რეალი მეორეზე მყოფ ბარსელონას 11 ქულით უსწრებს, რითაც ჩემპიონის ბედი, თითქმის უკვე გადაწყვეტილია.

სხვა სტატიები