Belive

ხაბი ალონსო: "ვაპირებთ, რომ წელსაც ჩემპიონები გავხდეთ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლევერკუზენის ბაიერის" 42 წლის თავკაცმა - ხაბი ალონსომ, "ბაიერნთან" უპრინციპულესი მატჩის წინ სეზონის სტარტზე, შარშანდელ ჩემპიონობასა და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი და მისი შეგირდები მზად არიან, რომ ბუნდესლიგა მიმდინარე სეზონშიც მოიგონ.

"ბაიერნთან ძალიან რთული მატჩი გველის, თანაც სტუმრად. ისინი ყველაფერს იზამენ, რომ წინა მატჩების ბრაზი ამოიღონ და მოგვიგონ, თუმცა ჩვენ იდეალურ ფორმაში ვართ, კარგად ჩანს, რომ წელსაც ჩემპიონობისთვის ვართ მზად და ამაში საკუთარი თავის გარდა ხელს ვერაფერი შეგვიშლის.

ბაიერნთან მატჩის მოლოდინი დიდია და გვსურს, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. ჩვენ გვჭირდება სრულყოფილი თამაში იმისათვის, რომ სახლში ბედნიერები დავბრუნდეთ.

ბაიერნმა სეზონი მრისხანედ დაიწყო, ხვალინდელი მატჩისთვის კი ეს დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე, ბურთი უნდა ვაკონტროლოთ და მეტოქე 90 წუთის განმავლობაში წნეხში უნდა ვამყოფოთ, სხვანაირად არაფერი არ გამოვა.

ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ბაიერნის ზედიზედ 11-წლიანი ჰეგემონია დაამხო, სწორედ იგივე გვსურს წელსაც, რომ ბუნდესლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგოთ..." - ხაბი ალონსო

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის გამარჯვებული სწორედ "ლევერკუზენი" გახდა. ლევერკუზენელებმა მიუნხენის "ბაიერნის" 11-წლიანი დომინაცია დაასრულეს. მათთვის ბუნდესლიგის ეს ტიტული ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ისტორიაში პირველად გახდნენ ჩემპიონები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხაბი ალონსო "ბაიერნის" ღირსებას ფეხბურთელის რანგში 2014-2017 წლებში იცავდა, რა პერიოდშიც 117 მატჩი ჩაატარა, 9 ჯერ გოლის გატანა და 12-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მიუნხენურ გრანდთან ერთად, ყოფილმა ესპანელმა ფეხბურთელმა და ამჟამად "ლევერკუზენის" მწვრთნელმა 3-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ კი გერმანიის თასისა და გერმანიის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.

"ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" დაპირისპირება 28 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები