ხაბი ალონსო: "სიამაყით მივდივარ, რადგან ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო.“
ბარსელონასთან სუპერ თასის ფინალის შემდეგ, მადრიდის რეალმა ხაბი ალონსო გაათავისუფლა. კლუბმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა და 44 წლის მწვრთნელი გუნდიდან გაუშვა.
კლუბის დატოვების შემდეგ, ხაბი ალონსომ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა.
"ეს ეტაპი დასრულდა და ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა. რეალის მწვრთნელობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო.
მადლობას ვუხდი კლუბს, ფეხბურთელებსა და უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. პატივისცემით, მადლიერებითა და სიამაყით მივდივარ, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.“ - ხაბი ალონსო
ალონსომ რეალი 2025 წლის ზაფხულში, ლევერკუზენში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ჩაიბარა. 44 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა სულ 34 შეხვედრა ჩაატარა, 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 6-ში კი დამარცხდა.
გუნდიდან ხაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა იქნება. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, თუმცა ასევე ცნობილი ხდება, რომ არბელოა მხოლოდ ზაფხულამდე იმუშავებს 'სამეფო კლუბის' მთავარ მწვრთნელად, შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე აქტიურად დაიწყო ახალი და კვალიფიციური მწვრთნელის ძიება.