Belive

კავანის ისტორია: როცა რასიზმისთვის გსჯიან, მაგრამ თითქოსდა, არაფერი დაგიშავებია

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
რასიზმი გლობალური პრობლემაა, რომელსაც ფესვები ფეხბურთშიც აქვს გადგმული: ხშირია შემთხვევები, როდესაც ფერადკანიან ფეხბურთელებს, მათ შორის ვარსკვლავებს, ბანანებს ესვრიან და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახიან - ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მათი კანის ფერი განსხვავებულია. ფეხბურთის საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ასოციაციები, რასიზმის წინააღმდეგ არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამენ, რაც უდავოდ, მისასალმებელია. თუმცა ის, რის გამოც ახალხან ურუგვაელი ფეხბურთელი, ედინსონ კავანი დაისაჯა, საკამათო საკითხს წარმოადგენს. საუთჰემპტონის აეროპორტში შეკრებული "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები კარგ ხასიათზე იმყოფებოდნენ - სოლსკიაერის გუნდმა გასვლით მატჩში "საუთჰემპტონი" ანგარიშით 2:3 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. გამარჯვების გოლის ავტორს, ედინსონ კავანის, სმარტფონი ეჭირა, სოციალურ ქსელში იყო შესული და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ თავისი მეგობრის, პაბლო ფერნანდესის მილოცვაზე პასუხის გაცემა 3-მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდებოდა. ფერნანდესმა, რომელიც Instagram-ში სახელით @pablofer2222 იძებნება, კავანის ფოტო განათავსა და დააწერა: "Asi te quiero Matador!” (ასეთი მიყვარხარ, მატადორო). El Matador-ის სახელით ცნობილმა კავანიმ, მას პასუხი გასცა: "Gracias Negrito" (პირდაპირი, უხეში თარგმანით, Negrito პატარა შავკანიანს ნიშნავს). მანჩესტერის აეროპორტში ჩამოსულ კავანის ძალიან ბევრი გამოტოვებული ზარი დახვდა - მას გუნდის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ კომენტარი სასწრაფოდ უნდა დაეშალა. პასუხის გაცემიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, კავანის კომენტარი გაქრა, მოგვიანებით კი ურუგვაელმა საჯარო განცხადება გააკეთა: "ყველაზე ნაკლებად ის მსურდა, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა".
1229855725.5

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) კავანის მიერ დაწერილი სიტყვა, Negrito, რასისტულად მიიჩნია, რის გამოც "მატადორს" 3 თამაშის განმავლობაში მოედანზე გასვლა აეკრძალა. ამ ფაქტს კი, ინგლისურ და ურუგვაულ საფეხბურთო ორგანიზაციებს შორის, ერთგვარი დიპლომატიური კონფლიქტის გაჩაღება მოჰყვა. სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციის (CONMEBOL) თანახმად, ლათინურ ამერიკაში Negrito მეგობრული და მიღებული სიტყვაა, რომელსაც რასიზმთან კავშირი არ აქვს. ურუგვაელ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (MUFP) განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ FA-იმ "დისკრიმინაციული აქტი დაუშვა, რომელიც ურუგვაელი ხალხის კულტურასა და ცხოვრების სტილს ეწინააღმდეგება".
ამასთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარი გააკეთა ამავე ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, მიჩელ დუარტემ: "მომხდარმა ჩვენს ქვეყანას ზიანი მიაყენა. წარმოიდგინეთ, ურუგვაელმა ბავშვებმა შეიტყვეს, რომ მათი კუმირი იმ სიტყვის გამო დასაჯეს, რაც მათ ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკაში გვხვდება. დედები შვილებს ამ სიტყვით ეფერებიან. FA-ის მიდგომა ჩვენს კულტურასა და ტრადიციებში პირდაპირ შემოჭრას ჰგავს. ეს ურუგვაული კულტურის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციაა", - აღნიშნა მან.

სუარესისა და ევრას შემთხვევა - რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ შემთხვევას შორის?

2011 წლის ოქტომბერში, FA-იმ ლუის სუარესსა და პატრის ევრას შორის მომხდარ შემთხვევაზე სადისციპლინო საქმის განხილვა წამოიწყო. ზუსტი პასუხის დასადგენად, FA-იმ სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორს, პიტერ უეიდს მიმართა, რათა დადგენილიყო, მიაყენა თუ არა სუარესმა ევრას რასისტული შეურაცხყოფა. უეიდი ლათინურ ამერიკის მკვლევარი იყო, რომელსაც უნდა დაესაბუთებინა, იყო თუ არა ევრას "ნეგროდ" მოხსენიება (ესპანურად: შავი) რასიზმთან კავშირში. "ჩემი დასკვნა იყო ის, რომ სუარესმა სიტყვა "ნეგრო" პროვოკაციისთვის გამოიყენა. FA-იმ სუარესი დამნაშავედ ცნო და ვფიქრობ, რომ კავანისგან განსხვავებით, სუარესმა ეს სიტყვა გამიზნულად გამოიყენა, კავანი კი დაუდევრად მოიქცა", - განმარტა უეიდმა.

კავანის შემთხვევაში, მან Negrito თავის მეგობარ პაბლო ფერნანდესს უწოდა - ადამიანს, რომელიც ფერადკანიანიც კი არ არის. მას უბრალოდ, შავი ფერის თმები აქვს. FA-ისთან ჩაწერილ ვიდეო ინტერვიუში, ფერნანდესმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც კავანისთან ერთად, ქალაქ სალტოში იზრდებოდა, "ნეგრიტო" მუქი ფერის თმების გამო შეერქვა. ფერნანდესი მაქსიმალურად შეეცადა, მეგობარი უდანაშაულოდ წარმოეჩინა. მან აღნიშნა, რომ "ნეგრიტოთი" თავის შვილს მიმართავს და რომ ურუგვაიში ეს ნორმად ითვლება. მეტიც, მან მტკიცებულებად წარმოადგინა WhatsApp-ის მინაწერები, სადაც ის მეგობრებთან საუბრისას ამავე სიტყვას უპრობლემოდ იყენებს.

ამ არგუმენტების ფონზე, მაინც რატომ დასაჯა FA-იმ ედინსონ კავანი?

კავანისთან დაკავშირებით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 9-გვერდიანი ვერდიქტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ურუგვაელს Instagram-ზე 8 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, რომლებსაც სამხრეთ ამერიკულ კულტურასთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია აქვთ. "ფეხბურთელს შეეძლო, ეს პასუხი პირად მინაწერში გაეგზავნა", - აღნიშნულია დასკვნაში. "ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ მიდიხარ, ადგილობრივ კანონებსა და კულტურულ ნიშანთვისებებს უნდა დაემორჩილო. ფაქტია ის, რომ კავანი ფეხბურთს თამაშობს ინგლისში, სადაც "ნეგრიტოც," "ნეგრიტაც" და "ნეგროც" შეურაცხმყოფელ სიტყვებად ითვლება. კავანიმ თავისი შეცდომა თავადაც აღიარა", - გააცხადა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლემა, ჯეისონ ლიმ.  

სხვა სტატიები