ჰოლანდი და მბაპე - დღევანდელი ეპოქის მესი და რონალდუ?
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებში ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა და კილიან მპაპემ ბრწყინვალე მატჩები ჩაატარეს - დღეს ყველა ახალგაზრდა ვარსკვლავების პერფორმანსზე ლაპარაკობს, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ კი დროებით ჩრდილში გადაინაცვლეს.
უდავო ფაქტია, რომ თითმის მთელი კარიერის განმავლობაში, 33 წლის მესი და 36 წლის რონალდუ მსოფლიო საფეხბურთო სცენაზე პირველობას არავის უთმობდნენ: 2007 წლიდან 2018 წლამდე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად Frace Football-ი ან არგენტინელს (6), ან პორტუგალიელს (5) ასახელებდა. პედესტალზე 10-წლიანი დომინირების შემდეგ, მათი ჩამოგდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა, ლუკა მოდრიჩმა მოახერხა.
ეპოქა თანდათანობით დასასრულს უახლოვდება. სამშაბათს, მპაბემ "ბარსელონას" 3 გოლი გაუტანა (4:1), მესიმ კი თავის გამოჩენა მხოლოდ პენალტით შეძლო. ჩინებული მატჩი ჩაატარა ჰოლანდმაც: ნორვეგიელმა "სევილიას" დუბლი შეუსრულა (3:2), რონალდუმ კი "პორტოს" კარის აღება ვერ შეძლო, მისი გუნდი კი დამარცხდა.
რონალდუსა და მესის შედეგები Vs. ჰოლანდისა და მბაპეს პოტენციალი
კრიშტიანუ რონალდუს ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი: მან "სპორტინგის", "მანჩესტერის", "რეალის", "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების მაისურით მეტოქის კარი 763-ჯერ აიღო. ასევე, პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგისა და მადრიდის "რეალის" ყველა დროის ბომბარდირია (135) გოლი. ასევე, რონალდუს ევროპის უპრესტიჟულესი საფეხბურთო ტურნირი 5-ჯერ აქვს მოგებული. ლიონელ მესი "ლა ლიგისა" და "ბარსელონას" ყველა დროის ბომბარდირია და 34 ტიტული აქვს მოგებული - ეს მათი გუნდური და ინდივიდუალური მიღწევების უმცირესი ჩამონათვალია.
თავის მხრივ, მბაპემ და ჰოლანდმა უკვე დაამტკიცეს, რომ მათ უდიდესი პოტენციალი აქვთ. "მონაკოში" ჩატარებული 60 მატჩის შემდეგ, ახალგაზრდა ფრანგში "პარი სენ-ჟერმენმა" 145 მილიონი ევრო გადაიხადა. მბაპემ იმედები გაამართლა: 111 გოლით, 22 წლის ფეხბურთელი პარიზული გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მესამე პოზიციას იკავებს (ჩამორჩება ედინსონ კავანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს), ასევე არის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული - გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება მბაპეს საოცარი პერფორმანსი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ და საერთოდაც, ფრანგი მთელი ტურნირის განმავლობაში შეუდარებელი იყო.
მბაპესგან განსხვავებით, ჰოლანდი დიდ ფეხბურთში უფრო მოულოდნელად გამოჩნდა. 20 წლის ნორვეგიელზე ბევრი არაფერი ვიცოდით, როდესაც, მოულოდნელად, ჰოლანდმა "ზალცბურგის" შემადგენლობაში გოლების გატანა დაიწყო და "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ, ნამდვილ გოლების მანქანად მოგვევლინა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 13 მატჩში, მას უკვე 18 გოლი აქვს გატანილი, რაც დღემდე არავის გაუკეთებია.
- ეს არის შედეგები, რომელსაც რონალდუ და მესი კარიერის მწვერვალზე აჩვენებდნენ". - გარი ლინიკერი.
- "ბოლო თამაშებში, მბაპემ - მესი, ხოლო ჰოლანდმა კი რონალდუ დარჩდილა. შესაძლოა, წინ მორიგი დაპირისპირება გველოდება, რომელიც ასევე, 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება". - რიო ფერდინანდი.
- "ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ ეს ბიჭები კიდევ უფრო მეტად მოუმატებენ". - ჯო კოული.
მბაპე და ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგაზე
ისტორიას ახსოვს არაერთი გამორჩეული თავდამსხმელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებული შედეგი არ უჩვენებია. მაგალითისთვის, ბრაზილიელ რონალდოს 16 გოლი აქვს გატანილი, რონალდინიოს კი - 18. თუმცა ჰოლანდი და მბაპე ამ მხრივაც გამორჩეულ სტატისტიკას აჩვენებენ: 2019/20 წლების სეზონში, მათ ჯამში 28 გოლი აქვთ გატანილი, რონალდუსა და მესის კი - 15.
რომელ მათგანს აიყვანდით გუნდში?
"ჩემი აზრით, მბაპეს უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, თუმცა გუნდს უფრო ჰოლანდზე ავაგებდი". - ჯო კოული
"მბაპე უფრო კარგი ფეხბურთელია, თუმცა ჰოლანდი კარიერაში უფრო მეტ გოლს გაიტანს". - ოუენ ჰარგრივზი.
თქვენ რომელ ფეხბურთელს აირჩევდით?