კაცი, რომელსაც გოლის გატანაზე მეტად, პასის გაკეთება უყვარდა | ლეგენდარული ქუსლის ისტორია
2 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
"გოლის გასატანად, ბენზემა ჩემზე უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა", - თქვა გუტიმ მატჩის დასრულების შემდეგ. თუმცა ისიც დაამატა, ასეთი პასის გაკეთება გოლის გატანას ბევრად მირჩევნიაო.
This backheel assist was... GUTI-LICIOUS. 😅@GUTY14HAZ pic.twitter.com/AtNBF4VEfL
— LaLiga English (@LaLigaEN) March 24, 2019
ეს ამბავი 2009/10 წლების სეზონში მოხდა: ლა ლიგის ეგიდით, "რეალი" "დეპორტივოს" ეწვია. თამაში დიდ ინტრიგას ატარებდა: "რიასორის" სახელობის სტადიონზე, "რეალს" 19 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. შეხვედრა მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი ანგარიშით, 1:3 დასრულდა - გოლები ქარიმ ბენზემამ (2) და ესტებან გრანერომ გაიტანეს.
შეფასებები
"ღმერთის ქუსლი. ასეთი რამ მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ. ელეგანტური, დახვეწილი, მოულოდნელი და ლეტალური - გუტიმ ისეთი პასი გააკეთა, რომელიც 30 წლის განმავლობაში გვემახსოვრება", - ასე შეაფასა Marca-მ გუტის ნამოქმედარი. "გუტიმ ყველა გაგვაოცა", - თქვა ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ესტებან გრანერომ. რაულ ალბიოლმა გუტის უწოდა "შეშლილი, რომელსაც თვალები კეფაზეც აქვს". სერხიო რამოსის შეფასებით კი, "ასეთი რამეს მხოლოდ ცივსისხლიანები ახერხებენ".ის დღე კარგად დაამახსოვრდა დანი არანსუბიას - მეკარისთვის ყველა გოლი ტრაგედიაა, თუმცა "ატლეტიკის", "დეპორტივოსა" და "ატლეტიკოს" კარის დარაჯი იმ დღეს მაინც სიამოვნებით იხსენებს.
"რეალმა რამდენიმე პასი სწრაფად გააკეთა და გუტი ჩემს პირისპირ აღმოჩნდა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და ცხადია, დარტყმას ველოდებოდი. როდესაც მოთამაშე საჯარიმოს უახლოვდება და მის გვერდით თანაგუნდელი არაა, ერთადერთი ნორმალური ქმედება ბურთის დარტყმა შეიძლება იყოს. უკან გაკეთებული პასი არამარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის მოულოდნელი იყო: მცველებისთვის, მისი თანაგუნდელებისთვის, მაყურებლებისთვის... თამაშის შემდეგ, გასახდელში, ვერც ვიჯერებდით რომ ეს მოხდა. გუტის ცენტრალური მცველი მოსდევდა, ნახევარმცველებიც სივრცის ჩაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა მის ჩანაფიქრს ვერავინ გამოიცნობდა. უბრალოდ გენიალური იყო, ასეთი რამ მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ. სამწუხაროდ, ამ ამბავში მეც ვმონაწილეობდი. ან იქნებ, საბედნიეროდაც", - იხსენებს არანსუბია.
გუტის შედევრები, უმეტესად, კარიერის მიწურულს იქმნებოდა, როდესაც მის პოტენციალს გამოცდილება და კლასი დაემატა. კარიერული თვალსაზრისით, არასტაბილური იყო. ალბათ ეს იყო იმისი მიზეზიც, რომ ეროვნულ ნაკრებში სულ რაღაც 13-ჯერ ითამაშა, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე კი არასოდეს გვინახავს.
"მადრიდის რეალის" ლეგენდის, ხორხე ვალდანოს შეფასებით, გუტი მოედანზე პოეზიას ქმნიდა:
"საკულტო ფეხბურთელი იყო - ისეთი, რომელიც არ განმეორდება. შეუძლებელია არ გქონდეს ნოსტალგია ადამიანის მიმართ, რომელიც ბურთის მიღებისთანავე, რაღაც ახალს ქმნიდა. თანამედროვე ფეხბურთში გუტის მსგავსები აღარ თამაშობენ, ეს კი უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს", - თქვა არგენტინელმა ფეხბურთელზე, რომლის ზურგზეც ხან GUTIERREZ, ხან J.M.GUTI, ხან კი GUTI.HAZ იკითხებოდა.