კაშია, ოპენდა, პასვერი - ვიტესის ლეგენდები კლუბის გადასარჩენად გაერთიანდნენ
გურამ კაშია და თავისი ყოფილი თანაგუნდელები გაერთიანდნენ, რათა "ვიტესი" გადაარჩინონ. აღნიშნულ ინფორმაციას ნიდერლანდური მედია საშუალებები ავრცელებენ.
ისტორიული ნიდერლანდური საფეხბურთო კლუბი - "ვიტესი" უმძიმეს მდგომარეობაშია. არნემულ კლუბს ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ 18 ქულა დააკლო და რანგით მეორე დივიზიონში დააქვეითა, თუმცა, ეს არაა ერთადერთი სასჯელი, რომელიც არნემელებს ემუქრებათ.
"ვიტესის" წარმომადგენლებმა უნდა შეძლონ და რამდენიმე მილიონიანი დავალიანება მაისის თვეში დაფარონ, ასევე კლუბის აქციები დამოუკიდებელ მეპატრონეს გადაუფორმონ, რათა კატასტროფა თავიდან აირიდონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, "ვიტესი" პროფესიონალური კლუბის ლიცენზიას დაკარგავს და არსებობას შეწყვეტს.
გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, "ვიტესის" წარმომადგენლებმა კამპანია წამოიწყეს და ფანებს დონაციისკენ მოუწოდეს - გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი კლუბის გადასარჩენად მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 10,000 ევრო გაიღონ. კამპანიას "ვიტესის" ლეგენდებიც შეუერთდნენ. გურამ კაშია, ლოის ოპენდა და რემკო პასვერი პირველები არიან, რომლებიც "ვიტესის" გადასარჩენ კამპანიაში ჩაერთნენ და თანხა გადარიცხეს. ლეგენდები გაერთიანდნენ, რათა კლუბი, რომლის მაისურითაც თამაშობდნენ, განადგურებისგან იხსნან.
შეგახსენებთ, გურამ კაშია "ვიტესის" ღირსებას 2010-2018 წლებში იცავდა. ის არნემული კლუბის კაპიტანი იყო და კლუბის მაისურით 293 მატჩში მიიღო მონაწილეობა.