Belive

"კარგ ხელში ვარ" - გიორგი ჩაკვეტაძის პირველი ინტერვიუ გერმანიაში გადასვლის შემდეგ 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ "ჰამბურგის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ახალი გუნდის მაისურით, საშინაო კედლებში, ადგილობრივი გულშემატკივრების წინაშე პირველი მატჩი ჩაატარა ("ჰეიდენჰეიმის" წინააღმდეგ - 2:0) და გუნდში მისი საწყისი პერიოდის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"მწვრთნელი ძალიან მეხმარება. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი ბევრი კარგი ფეხბურთელით. ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ხელში ვარ. პირველად ვითამაშე საშინაო კედლებში ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, რაც ძალიან ლამაზი იყო. სამი ქულა ავიღეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. გუშინ 25 წუთი ვითამაშე, შემდეგ ჯერზე შეიძლება 35 წუთამდე გაიზარდოს", - უთხრა გიორგი ჩაკვეტაძემ "ჰამბურგის" ოფიციალურ ვებ-გვერდს.
22 წლის ფეხბურთელმა "ჰამბურგში" გადასვლის შემდეგ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ორ მატჩში ითამაშა ("დარმშტადთან" 13 წუთი, "ჰეიდენჰეიმთან" 25 წუთი). ჩაკვეტაძის გუნდმა ორივე მატჩი მოიგო (5:0 და 2:0) და საერთო ჯამში, 22 ტურის შემდეგ დაგროვებული 40 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერ ვერდერის "ბრემენს" და "სენტ-პაულს" მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას ქართველი ტალანტის გუნდი 19 თებერვალს, "სანდჰაუზენის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები