ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ქართველები 7 სტატისტიკურ მონაცემში ლიდერობენ
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.
ჩვენი მატჩით კი ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა და 29 ივნისიდან სტარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფები აიღებს.
ალბათ მსოფლიოს მასშტაბით არავინ არ ელოდა, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები და საქართველოს ნაკრები 7 სტატისტიკურ მონაცემში იქნებოდნენ ლიდერები. მოდით გავყვეთ და დეტალურად განვიხილოთ თითოეული სტატისტიკური მონაცემი.
ინდივიდუალური სტატისტიკა
პირველ რიგში დავიწყოთ ბომბარდირობით - ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 3 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ყველაზე მეტჯერ მოგებული პოზიცია კი გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა.
"ლევანტეს" ქართველმა ნახევარმცველმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პოზიციას 26-ჯერ მოიგო, მის შემდეგ კი ყველაზე მეტი მოგებული პოზიციით - ტონი კროოსი მოდის (23).
ჯგუფური ეტაპი ყველაზე მეტი მოგერიებული ბურთით (ანუ სტატისტიკურად - სეივით) დაასრულა გიორგი მამარდაშვილმა.
მამარდას ანგარიშზე 21 სეივია და იგი ამ სტატისტიკური მონაცემებით შეჯიბრის ერთპიროვნული ლიდერია.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტჯერ, 10-ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.
გუნდური სტატისტიკა
დაკარგული ბურთების დაბრუნებით, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ლიდერია. ქართველებმა ბურთს დაბრუნება ყველაზე მეტჯერ, 134-ჯერ შეძლეს.
საქართველოს ნაკრებმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა ბურთის ართმევაში. ჩვენს ანგარიშზე 55 ბურთის ართმევაა და მეორე ადგილზე მყოფ ავსტრიის ნაკრებს 4-ით გავუსწარით.
საქართველოს ნაკრები ასევე პირველ ადგილზე იმყოფება წარმატებული ვარდნების განხორციელებაში (27).
მერვედფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.