ჯეიდონ სანჩო ერიკ ტენ ჰაგის კომენტარმა გააღიზიანა
გუშინ პრემიერ ლიგის მე-4 ტური "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებით დასრულდა. მატჩში გამარჯვება "მეთოფეებმა" მოიპოვეს. მიკელ არტეტას გუნდმა "წითელი ეშმაკები" 3:1 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. ლონდონელების მხრიდან თავი ოდეგორმა, რაისმა და გაბი ჟესუსმა გამოიჩინეს. მანჩესტერელების მხრიდან კი, ერთადერთი გოლის ავტორი მარკუს რაშფორდი გახდა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ერიკ ტენ ჰაგმა უკმაყოფილება არ დამალა და აღნიშნა, რომ მსაჯმა რიგ მომენტებში თავისი გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ვიდეო ასისტენტშიც შეიტანა ეჭვი და აღნიშნა, რომ გარნაჩოს გოლის მომენტში სისტემამ თამაშგარის ხაზები არასწორად გაავლო.
სულ ეს არ არის. გუშინდელი შეხვედრის განაცხადში არ იყო ჯეიდონ სანჩო, რაც ტენ ჰაგმა შემდეგი სიტყვებით ახსნა:
"მანჩესტერ იუნაიტედში" საკუთარ დონეს ყოველდღე უნდა ამტკიცებდე, მათ შორის ვარჯიშებზეც. წინა ხაზში არჩევანის საშუალება მაქვს, ამიტომაც ის განაცხადში ვერ მოხვდა. -
მთავარი მწვრთნელის ამ განცხადებას გამოეხმაურა თავად ჯეიდონ სანჩოც. ბევრის აზრით, ახალგაზრდა ინგლისელი ტენ ჰაგის სიტყვებით უკმაყოფილო დარჩა და ეს მის განცხადებაშიც კარგად ჩანდა.
გთხოვთ, რასაც კითხულობთ ყველაფერს არ დაუჯეროთ. ხალხს ტყუილების თქმის უფლებას არ მივცემ. ამ კვირაში ვარჯიში ძალიან კარგად ჩავატარე. მე მჯერა, რომ ამ საკითხს სხვა მიზეზები აქვს, რასაც არ ჩავუღრმავდები, მე დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ, რაც არ არის სამართლიანი! ერთადერთი, რისი გაკეთებაც მსურს ღიმილიანი სახით ფეხბურთის თამაში და ჩემი გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანაა. პატივს ვცემ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი იღებს, ვთამაშობ ფანტასტიკურ ფეხბურთელებთან და ამისთვის მადლობელიც ვარ. რაც არ უნდა მოხდეს მე ამ გუნდისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. - წერს ჯეიდონ სანჩო
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2021 წელს £73 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. სადებიუტო სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე 38 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 5-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ბოლო სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 41-ჯერ მოირგო "მანჩესტერის" მაისური და მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. პირველ სამ ტურში სანჩო საწყის თერთმეტეულში იყო, თუმცა, თამაშის საშუალება არ მიეცა. ბოლო ტურში "არსენალის" წინააღმდეგ კი, ახალგაზრდა ინგლისელი განაცხადს მიღმა დარჩა.