Belive

ჯანი ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტობისთვის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA-ს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მომავალი წლის მარტში, მაროკოში გაიმართება, UEFA მხარს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, ფილიპ დიალოს უჭერს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მთავარი მიზანი მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თანამდებობიდან ჩამოშორებაა.

ფილიპ დიალო, რომელიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას 2023 წლიდან ხელმძღვანელობს, მოახლოებულ არჩევნებში ინფანტინოს მთავარი კონკურენტი იქნება. UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა და FIFA-ს საბჭოში წარმოდგენილმა ევროპელმა წევრებმა დიალოს კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს, რომ FIFA-მ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ფეხბურთის განვითარებას მსოფლიოს ყველა რეგიონში. უზრუნველჰყოს გამჭვირვალე მმართველობა და მჭიდროდ ითანამშრომლოს ეროვნულ ფედერაციებსა და სხვა საფეხბურთო ორგანიზაციებთან. UEFA დარწმუნებულია, რომ დიალო ამ მიზნებს მიაღწევს.

FIFA-ს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩართვას, იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, კოზო ტაშიმა და ტოტენჰემის ყოფილი მცველი, რამონ ვეგაც აპირებენ. თუმცა დიალოს კანდიდატურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას UEFA-ს ოფიციალური მხარდაჭერა აქვს. ახლა, UEFA-ს მთავარი ამოცანა საკუთარი კანდიდატისთვის სხვა კონფედერაციებისა და ეროვნული ფედერაციების მხარდაჭერის მოპოვება იქნება.

სხვა სტატიები