"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზეპ ბლატერის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდებოდა" - იურგენ კლოპი
გერმანელი სპეციალისტი და გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა და მის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
ფიფას მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 მარტს ჩატარდება, ინფანტინო კი კვლავ აპირებს მონაწილეობას, თუმცა ის მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. ის მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადით იყრის კენჭს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მუდმივად სკანდალების ეპიცენტრშია.
მისმა მცდელობამ, ფიფას ტურნირებში წილები კერძო ინვესტორებისთვის ჩუმად მიეყიდა, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იმდენად დიდი, რომ ეს ინფანტინოს თანამდებობიდან გადაყენებისთვისაც კი საკმარისი ჩანდა. თუმცა, შვეიცარიელმა ფუნქციონერმა ძალაუფლება შეინარჩუნა და სურს, პოსტზე 2031 წლამდე დარჩეს.
ფეხბურთს მრავალი წელია თვალყურს ვადევნებ. არიან ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში ჩემზე ბევრად უკეთ ერკვევიან. თუმცა, ვფიქრობ, უმეტესობა დამეთანხმება, რომ ცვლილება ნამდვილად საჭიროა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზეპ ბლატერის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდებოდა, მაგრამ ვიღაცამ ეს მაინც მოახერხა.
რაც შეეხება ჯანი ინფანტინოს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სხვა კანდიდატი ამ საქმეს უკეთ გაუძღვება. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად ადარდებთ ფეხბურთის მომავალი - ადამიანები, რომლებსაც ფინანსური ინტერესები არ ამოძრავებთ. თუ ვინმე ასეთი გამოჩნდება - თუ ვინმე ასეთი პრეზიდენტი გახდება, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. - იურგენ კლოპი - გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
Klopp says Infantino worse than Blatter https://t.co/bylRRk6Y3I
— BBC News (UK) (@BBCNews) November 16, 2026
ოთხშაბათი არის ბოლო ვადა, როდესაც კანდიდატებმა ოფიციალურად უნდა დაადასტურონ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ინფანტინოს კონკურენციას გაუწევენ.
არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელიც ამჟამად ფიფაში გლობალური განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობს, განიხილავდა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, როგორც BBC Sport-ის წყაროები იუწყებიან, მან საბოლოოდ უარი თქვა ამ გადაწყვეტილებაზე. არსებული ინფორმაციით, უეფა კვლავ იმედოვნებს, რომ ოთხშაბათამდე, ვადის ამოწურვამდე, ალტერნატიულ კანდიდატს იპოვის. ოქტომბერში თავისი კანდიდატურა პირველმა ტოტენჰემის ყოფილმა მცველმა, რამონ ვეგამ წამოაყენა.
შეგახსენებთ, რომ ბლატერმა ფიფას ხელმძღვანელის პოსტი 2015 წელს, კორუფციული სკანდალის ფონზე დატოვა. 2016 წლის თებერვალში კი მის ნაცვლად აღნიშნულ პოსტზე სწორედ ჯანი ინფანტინო დაინიშნა.