Belive

იტალიური მედია: "ნაპოლიმ კვარაცხელიას სახით ახალი მე-10 ნომერი აღმოაჩინა"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ 16 ოქტომბერს მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა და როგორც ქართული და იტალიური, ისე მთლიანად ევროპული მედიის ყურადღება მიიპყრო.

"ბოლონიასთან" - 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც 21 წლის ქართველმა საგოლე პასი გააკეთა, კვარაცხელიას შესანიშნავი თამაში არაერთმა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა თუ ექსპერტმა შეაფასა. საინტერესოა, რას ფიქრობენ იტალიური მედია-საშუალებებიც, რომლებმაც კვარას, მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერეს და დადებით კონტექსტში არაერთხელ მოიხსენიეს.

Areanapoli.it: (8) - "ეს არის ფეხბურთის განსახიერება, რომელიც დიდ ეპოქას გვპირდება. შეუძლებელია, რომ არ შეგიყვარდეს მისი თამაშის სტილი. ეს ის ქუჩაში მყოფი ბავშვია, რომელიც ბურთით ხელში დადის და ყველა სხვა უბნის ნებისმიერ წარმომადგენელს დაუპირისპირდება. ის ბავშვი, რომელიც მთელს დღეს ქუჩაში ატარებს, სანამ მშობლები და მასწავლებლები არ წაიყვანენ. როცა კვარაცხელია ბურთს ეხება, პინბოლის აპარატი აქტიურდება და ყველაფერი ჯადოსნურად იწყებს მოძრაობას: საგოლე პასები, დრიბლინგი, დასარტყმელად მომზადება, დარტყმის სიძლიერის მოზომვა, დარტყმა, მომენტის შექმნა. როცა ამის საჭიროებაა, ის დაცვაშიც ჩადის, რათა უფრო საჭირო მოთამაშე იყოს მოედანზე და ამით კმაყოფილი დარჩეს. სწორედ მან შექმნა ლოსანოს გოლი, ასევე ოსიმენს გამარჯვების მომტანი გოლის ეპიზოდში პასი გაუკეთა".

logo14

La Gazzetta dello Sport: (7.5) - "7 გოლი და 6 საგოლე პასი. კვარა აგრძელებს მეტოქეების შეშფოთებას მაშინ, როცა ბურთს იღებს და ისინი მას ვერაფერს უპირისპირებენ. ხვიჩას შეუძლია რამდენიმე წარმატებული დრიბლინგის განხორციელება და დერეფნის პოვნა, თუ მეტოქეები ჯარიმას არ აიღებენ. ამ მომენტისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. გუშინდელ შეხვედრაში ის შეუჩერებელი იყო. უშუალოდ სერია A-ში მან მონაწილეობა 8 გოლში მიიღო - 5 გოლი და 3 საგოლე პასი. გადამწყვეტ მომენტში მან ბურთი ვიქტორ ოსიმენს მისცა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ იყო საუკეთესო მოედანზე და თავის თანაგუნდელებს მზრუნველი ასისტენტობა გაუწია".

Corriere dello Sport: (7) - "არასდროს იცი თუ რა მოუვა თავში. მაშინაც კი, როცა იღლება, მისი გაკონტროლება შეუძლებელი ხდება".

იტალიელი ექსპერტი: “ვიცი ამის გამო მომკლავენ, მაგრამ კვარასავით თვით მარადონასაც კი არ დაუწყია”

პაოლო კონდო, ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი გაზეთ Repubblica-ში: "კვარა სულ სხვა ვინმეა. იგი ბურთთან შეხების შემდეგ მოედანზე ძალთა თანაფარდობას განაგებს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად "ნაპოლის" მიერ მეტოქესთან რიცხვობრივი უპირატესობის შექმნის საქმეს აწარმოებს. შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ფლანგზე მოქმედებს და გოლებს არიგებს, რადგან სავსე ჩანთით მოვიდა. მისი რაფაელ ლეაოსთან შედარება მოდურია, რადგან ორივენი მსგავსი კონდიცდიებით იწყებენ, მაგრამ "მილანის" პორტუგალიელი თავდამსხმელი, ფეხბურთის წმინდა გაგების მიხედვით, იდეალური 11 ნომერია, კვარა კი მთელი არსებით მეათე ნომერია. სეზონის ამ პირველი ნაწილის უდიდესი შოუ, ბრწყინვალე და გადამწყვეტი გავლენის მქონე ფეხბურთელი. მისი სახით "ნაპოლიმ" ახალი მეათე ნომერი აღმოაჩინა".

საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში "ნაპოლის" მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 ასგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული გამოცემა იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები