იტალიური მედია: "იუვენტუსმა გიორგი მიქაუტაძე სატრანსფერო სიაში შეიყვანა"
იტალიური მედია-საშუალება ilbianconero.com-ი საქართველოს ნაკრების და საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული "მეცის" ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 22 წლის ქართველის დამატებით იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება.
"ხვიჩა კვარაცხელიას გადატრიალების შემდეგ, რომელიც მან სერია A-ში მოახდინა, ტურინის "იუვენტუსი" ნაკრებში მისი პარტნიორით, გიორგი მიქაუტაძეთი ინტერესდება.
ფეხბურთელი, რომლის სახელი და გვარი ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა ის არის ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი რიცხვები დააფიქსირეს და დიდი ყურადღება მიიპყრეს. სკაუტინგის წყალობით აღმოჩენილ ფეხბურთელს ჯერ კიდევ დაბალი ფასი აქვს, ასევე ის ითვლება ქართული და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ფეთქებად ტალანტად. ის რამდენიმე თვით ხვიჩა კვარაცხელიაზე პატარაა, მალე კი ორივე მათგანი ევროპული ფეხბურთის ორი ახალი სახე გახდება.
მიქაუტაძე ცენტრალური თავდამსხმელია, რომელსაც შეუძლია შეტევის ყველა მიმართულებით იმოქმედოს და აქვს შესანიშნავი ბომბარდირული თვისებები, როგორც მისი ციფრები გვეუბნება: 40 მატჩი სეზონში, 24 გოლი და 9 საგოლე პასი ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე. ამას მარტში, ერლინგ ჰოლანდის ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლი ემატება.
ლიონში დაბადებულ ფრანგ-ქართველს "მეცთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ლიგა 1-ში დაწინაურების შემდეგ კი ახლა უკვე მზადაა ნახტომის გასაკეთებლად.
ერთის მხრივ მიქაუტაძე არის ტიპური ცხრა ნომერი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ტექნიკურია და ორივე ფეხით კარგად თამაშობს.
არიან ისეთებიც, ვინც მასში დაინახა ლაუტარო მარტინესი, მაშინ როცა მწვრთნელმა ის ახლახანს შეადარა ალექსანდრ ლაკაზეტს.
ტურინის "იუვენტუსმა" მოულოდნელად მიქაუტაძე თვალთახედვის არეში მოინიშნა და ის დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის ალტერნატივად განიხილება. ქართული ფეხბურთის აფეთქების ფონზე, "იუვენტუსი" კვარაცხელიაზე ნადირობასაც აპირებს", - წერს ilbianconero.com-ი.
გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც 2022/23 წლების სეზონში, “მეცის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული, ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით, 6 მილიონი ევროა.