ისტორიის გზაგასაყართან: მთავარი მატჩი - ყველაფერი ან არაფერი
5 წლის წინ
ფეხბურთი
21 წთ
განვლილი გზა
2013 წლის ოქტომბერში, ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციამ უეფას ახალი, მესამე ტურნირის შექმნის იდეით მიმართა, რაც არასრულ ერთ წელიწადში, 2014 წლის 27 მარტს, ასტანაში გამართულ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს რიგით 38-ე კონგრესზე ოფიციალურად დადასტურდა. 55 ევროპული ნაკრები ოთხ სხვადასხვა დივიზიონში გადანაწილდა. საქართველოს როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ადგილი D ლიგაში ერგო, რომლის ქვეჯგუფშიც მეტოქეებად ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ნაკრებები ჰყავდა. შინ და გარეთ ჩასატარებელი შეხვედრების პრინციპით, საქართველომ ჯამში 6 მატჩი გამართა, საიდანაც 5 მოიგო, 1 კი, ანდორასთან, ფრედ დაასრულა და 16 ქულით ჯგუფის უპირობო გამარჯვებული გახდა. შედეგები ჯგუფურ ეტაპზე:- ყაზახეთი - საქართველო 0:2
- საქართველო - ლატვია 1:0
- საქართველო - ანდორა 3:0
- ლატვია - საქართველო 0:3
- ანდორა - საქართველო 1:1
- საქართველო - ყაზახეთი 2:1
სათამაშო ფორმა
- საქართველოს ნაკრებმა 2020 წელს 5 შეხვედრა ჩაატარა და არცერთში დამარცხებულა, თუმცა აქედან მხოლოდ ორის მოგება მოახერხა: ხსენებული ნახევარფინალური მატჩი ბელარუსთან და C დივიზიონში სადებიუტო მატჩში გამარჯვება ესტონეთთან (1:0).
- საინტერესოა, რომ 2017 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა საშინაო კედლებში 17 შეხვედრა გამართა და აქედან მხოლოდ ერთში დამარცხდა - ევროპის ჩემპიონატის ტრადიციულ შესარჩევში შვეიცარიასთან (0:2). აქედან 9 მატჩი ქართველებმა გამარჯვებით დაასრულეს. თუმცა, საქართველომ სულ მცირე 2 გოლი ამ 17 მატჩიდან მხოლოდ 6-ში გაიტანა.
- საქართველოს ნაკრებმა ბოლო 11 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა, ხოლო ბოლო 13 მატჩიდან 9-ში კარი მშრალად შეინახა.
- 2020 წელს არც მაკედონიელებს წაუგიათ და ჩვენი იდენტური შედეგი აქვთ - 2 მოგება და 3 ფრე. იგორ ანგელოვსკის გუნდმა კოსოვოსა და სომხეთს აჯობა.
- ჩრდილო მაკედონიეოლებს ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. უკანასკნელად ჩვენი მეტოქე 2019 წლის 16 ნოემბერს, ავსტრიასთან, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში დამარცხდა.
- მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრიდან მაკედონიელებმა ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეს.
- ბოლო 7 სტუმრად გამართული მატჩიდან მაკედონიამ მხოლოდ 1 მოიგო (ლატვიასთან 0:2), ორჯერ კი დამარცხდა.
- ბოლო სამ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მაკედონიელებმა სულ მცირე ერთი გოლის გატანა მოახერხეს.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გუნდები ერთმანეთს პირველად მიმდინარე წელს დაუპირისპირდნენ. გუნდებმა შემოდგომაზე ორი შეხვედრა ჩაატარეს და ორივე მათგანი ფრედ - 1:1 დასრულდა. ორივე შემთხვევაში ჩენ მეტოქესთან შედარებით რიცხვობრივ უპირატესობაში დავრჩით და ანგარიშშიც წინ ვიყავით, თუმცა ლიდერობის შენარჩუნება ვერ შევძელით. კაცმეტობით იყო გამოწვეული თუ არა, ფაქტია, ორივე შემთხვევაში ვლადიმირ ვაისმა იგორ ანგელოვსკის აჯობა, შექმნა რა მისმა გუნდმა უფრო მეტი საგოლე ეპიზოდი და შეტევაშიც უფრო აქტიური იყო, რაც რიცხვებში შემდეგნაირად გამოიყურება: ორივე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს მეტოქეზე უკეთესი ბურთის ფლობა, საგოლე შანსებისა და კარში დარტყმების რაოდენობა ჰქონდა, ასევე გიორგი ლორიას გაცილებით ნაკლები სამუშაო მიეცა, ვიდრე მაკედონიელთა მეტოქე სტოლე დიმიტრიევსკის. სტატისტიკა ორი მატჩის ჯამში საქართველოს სასარგებლოდ: ბურთის ფლობა: 52:46 საგოლე შანსები: 24:11 კარში დარტყმები: 10:3
მეტოქე
დაარსება: 1994 ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1994 წელს ფიფას წევრი: 1994 უეფას წევრი: 1994 ფიფას რეიტინგი: 68 უმაღლესი რეიტინგი: 46 (2008 წლის ოქტომბერი) უმდაბლესი რეიტინგი: 166 (2017 წლის მარტი) საშინაო არენა: ტოშე პროჩესკის არენა (სკოპიე) მეტსახელი: წითელი ლომები მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი (ჩრდილოეთ მაკედონია) კაპიტანი: გორან პანდევიისტორია
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები არაოფიციალურად 1920 წელს დაარსდა, თუმცა ქვეყნის რჩეული ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს მხოლოდ იუგოსლავიის სხვა ერების წარმომადგენელ ნაკრებებთან შეხვედრა შეეძლო და ოფიციალური მატჩის ჩატარების ნება არ ჰქონდა. შესაბამისად, საუკეთესო მაკედონიელი ფეხბურთელები სწორედ იუგოსლავიის ნაკრების სახელით გამოდიოდნენ. სოციალისტურ ფედერალური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიამ დამოუკიდებელი საფეხბურთო ნაკრები და ჩემპიონატი შექმნა. 1994 წლიდან, გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციების, ფიფასა და უეფას სრულუფლებიანი წევრი გახდა და ამრიგად, მათი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებშიც ჩაერთო. 26-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების დასკვნით ეტაპზე არასდროს უთამაშია. ერთა ლიგის ისტორიაში პირველი სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს მსგავსად, D დივიზიონში დაიწყო და ჯგუფში მეტოქეებად სომხეთის, ლიხტენშტეინის და გიბრალტარის ნაკრებები ერგო. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 5 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და პირველი ადგილით C ლიგის საგზური მოიპოვა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ისტორიაში რამდენიმე დასამახსოვრებელი შედეგი ყოფილა, მაგალითად: ინგლისთან სტუმრად ორჯერ ნათამაშები ფრე, ნიდერლანდების როგორც შინ, ისე გასვლაზე დამარცხება, იტალიაში ადგილობრივ ვეროვნულ გუნდთან და საშინაო კედლებში, სერბეთთან და სლოვაკეთთან დაზავება. 2009 წლის 12 აგვისტოს, ქვეყანაში ფეხბურთის არსებობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში სათამაშოდ ესპანეთის ნაკრები მოიწვია. გორან პანდევის დუბლის მეშვეობით მეტოქე მოქმედ ევროპის ჩემპიონს – 2:0 ამარცხებდა, თუმცა „ფურია როხამ“ მატჩის სათავისოდ შემოტრიალება მოახერხა – 2:3 შეხვედრას 30 000 გულშემატკივარი დაესწრო.
სტატისტიკა
პირველი არაოფიციალური მატჩი: „ვოივოდინა“ – ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 (1945 წლის 3 სექტემბერი, ნოვი სადი, სერბეთი) პირველი ოფიციალური მატჩი: სლოვენია – მაკედონია 1:4 (1993 წლის 13 ოქტომბერი, კრანი, სლოვენია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ლიხტენშტეინი – მაკედონია 1:11 (1996 წლის 9 ნოემბერი, ეშენ-მაურენი, ლიხტენშტეინი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: მაკედონია – ბელგია 0:5 (1995 წლის 7 ივნისი, სკოპიე, მაკედონია), მაკედონია – სლოვაკეთი 0:5 (2001 წლის 7 ოქტომბერი, სკოპიე, მაკედონია), უნგრეთი – მაკედონია 5:0 (2001 წლის 14 ნოემბერი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ჩეხეთი – მაკედონია 6:1 (2005 წლის 8 ივნისი, ტეპლიცე, ჩეხეთი) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: გორან პანდევი (113) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: გორან პანდევი (34)შემადგენლობა
მეტოქის მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა ლეგიონერია და საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატშიც თამაშობს, აი მაგალითად: ლონდონის „არსენალის“ მეკარე დეიან ილიევი, „რაიო ვალეკანოს“ გოლკიპერი სტოლე დიმიტრევსკი, „ლიდს იუნაიტედის“ მარცხენა მცველი ეჯიან ალიოსკი, ლისაბონის „სოპორტინგის“ მარჯვენა მცველი შტეფან რისტოვსკი, „ლევანტეს“ ჩამშლელი ენის ბარდი, „ნაპოლის“ ნახევარმცველი ელიფ ელმასი, „უდინეზეს“ შემტევი ილია ნესტოროვსკი და „ფენერბახჩეს“ ცენტრ-ფორვარდი არდა კურტულანი. რომ აღარაფერი ვთქვათ ნაკრების დანარჩენ კონტიგენტზე, როელიც სრულად უნგრეთის, კვიპროსის, ხორვატიის, ბელგიის, შევიცარიისა და თურქეთის წამყვან კლუბებიდან კომპლექტდება. საინტერესოა, რომ გუნდის ორი გამოცდილი წევრი ვისარ მუსლი და ბობან ნიკოლოვი უნგრულ „ფეჰერვარში“, ქართველი თავდამსხმელის ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელები არიან. ფეხბურთელების საშუალო ასაკი 26.12 წელია, ხოლო მათ საერთო ღირებულებას Transfermarkt-ი 59.20 მილიონ ევროდ აფასებს.
ვარსკვლავი
ცალკე გამოყოფის ღირსია გუნდის კაპიტანი, ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი – გორან პანდევი. ვეტერანი თავდამსხმელი, რომელიც საუკუნის სტარტიდან იტალიის სერია A-ში გამოდის. მილანის „ინტერის“, „“ლაციოს“, და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც 1 სეზონი „გალათასარაიშიც“ გაატარა, 2019 წლიდან „ჯენოას“ მაისურს ირგებს. 37 წლის თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში სერია A, 5-ჯერ იტალიის თასი, 2-ჯერ იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და თურქეთში ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. პანდევი 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს შესანიშნავი „ინტერის“ წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც ტრიპლეტის მოგება მოახერხა. იგი 5-ჯერ მაკედონიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მწვრთნელი
იგორ ანგელოვსკი ვეტერანი ნახევარმცველია, რომლის საფეხბურთო კარიერაც თითქმის სრულად მშობლიურ ჩემპიონატს უკავშირდება. ლეგიონერის სტატუსს ის მხოლოდ კარიერის ბოლო სეზონს ირგებდა, რომელიც მან სერბულ „სრემში“ გაატარა. 44 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო საქმიანობა არც ისე მრავალფეროვანია, თუმცა საკმაოდ წარმატებული. პირველი გუნდი, რომელსაც ანგელოვსკი სათავეში ჩაუდგა, მაკედონიური „რაბოტნიჩკი“ გახლდათ და 2013-15 წლებში მან ქვეყნის ჩემპიონობა და ორჯერ თასი მოიპოვა. ანგელოვსკის შემდეგ, გუნდს ტიტული აღარ მოუპოვებია. კლუბიდან ანგელოვსკიმ პირდაპირ ნაკრებში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ასისტენტი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი გახდა. 2015 წლის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, მაკედონიამ 36 შეხვედრა ჩაატარა და დადებითი ბალანსი აჩვენა – 17 მოგება, 10 ფრე, 14 მარცხი. მისი თავკაცობით გუნდმა ტურინში, იტალიის ნაკრებთან, ფრე – 1:1 ითამაშა. ანგელოვსკის ხელმძღვანელობით მაკედონიის ნაკრებმა 60 გოლის გატანა მოახერხა და 48 გაუშვა, ჯამში კი 61 ქულა დააგროვა.რას ფიქრობს მეტოქე?
იგორ ანგელოვსკი - მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რა მიზნის მისაღწევადაც ვთამაშობთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, მოტივირებულები, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ მატჩი და გავიმარჯვოთ, რათა საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ეს არის მატჩი, რომელსაც ნამდვილად განსაკუთრებული ემოციები სდევს თან, რადგან ისტორიული წარმატების შანსი გვაქვს. ის, რომ დღეს აქ ვართ, ჩვენს მიერ ნაჩვენები წარმატებული შედეგების დამსახურებაა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად ახალი მატჩია, რომელიც სრულფასოვნად განსხვავდება წინა ორი დაპირისპირებისგან. ორი ეროვნული გუნდი გადამწყვეტ დუელს ითამაშებს, რომელშიც ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს და იმედი მაქვს, ამით ჩვენ ვისარგებლებთ. ვლადიმირ ვაისს დიდ პატივს ვცემ და ვიცი, რომ მან პატარა ქვეყნის ნაკრებით დიდ შედეგს მიაღწია. ხვალ მოედანზე თანაბარ პირობებში გავალთ, შანსები 50/50-ზე იქნება და უფრო ძლიერი გუნდი გაიმარჯვებს".
რას ველით მეტოქისგან?
ვლადიმირ ვაისს მეტოქის შესასწავლად ორი მატჩი ჰქონდა, რაც არც ისე ცოტა დროა. თუმცა, იგივე მოცემულობა აქვს იგორ ანგელოვსკის. ვისი აჯობებს, 12 ნოემბერს გამოჩნდება, იქამდე კი იმ ნიუანსებზე ვისაუბროთ, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად დავინახეთ. მაკედონიელებს ბურთის კონტროლი, პირველ ნომრად თამაში და მეტოქეზე მუდმივი დომინირება არ სჩვევიათ. არა იმიტომ, რომ საქართველოს წინაღმდეგ ჩატარებულ ორივე შეხვედრაში 10 კაცით დარჩნენ და საამისოდ რესურსი არ ეყოთ, უბრალოდ მათ უმეტეს შემთხვევაში მეორე ნომრად თამაში ურჩევნიათ და ეს ხშირად შედეგსაც აძლევთ. ლოგიკურია, რომ ანგელოვსკის გუნდი მთავარ აქცენტს სწრაფ და ეფექტურ კონტრშეტევაზე აკეთებს, ზედმეტი გადაცემისა და ფიქრის გარეშე - მარტივად, მაგრამ ხარისხიანად. მათი მთავარი კოზირი ამ დროს ფლანგებია, სადაც ორი მტაცებელია ჩასაფრებული - სტეფან რისტოვსკი და ეიჯან ალიოსკი. განსაკუთრებულად სახიფათოა მეტოქე სტანდარტული სიტუაციების დროს. ეს მეტწილად ბალკანური ფიზიკური აგებულების დამსახურებაა. ასევე, უნდა ვუფრთხილდეთ საჯარიმოს მისადგომებთან მეტოქესთან უხეშ თამაშს, რადგან ელიფ ელმასი საჯარიმო დარტყმების მშვენიერი შემსრულებელია და როგორც მაკედონიელი გულშემატკივრები წერენ, ასე თუ გააგრძელა კონკურენციას დევიდ ბექჰემსაც გაუწევსო. მიუხედავად იმისა, რომ მაკედონიელთა უმრავლესობა ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ სისუსტეები არ აქვთ. ერთ-ერთი ასეთი კომპონენტი ხისტი ხასიათი და ფსიქოლოგიაა. უხეშად რომ ვთქვათ, ისინი წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წავლენ. ამას ამტკიცებს ჩვენთან გამართულ შეხვედრებში აკიდებული 11-მეტრიანი და ორივე შემთხვევაში მათი ფეხბურთელის გაძევება. ჭკვიანური თამაშით ამ ნიუანსის სასიკეთოდ გამოყენება შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ბალკანელებთან გვაქვს. მაღალი ტემპერამენტის მქონე ხალხთან, რომლებიც ბინძურ თამაშს არ თაკილობენ. დარწმუნებული ვართ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ქართველთა პროვოკაციაზე წამოგებას საწყისი წუთებიდანვე შეეცდებიან, რასაც ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ და არამც და არამც შეცდომა არ დავუშვათ. ეს შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. დიდი იმედი გვაქვს, ამ პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებით, ვინაიდან, ვლადიმირ ვაისის გუნდის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მახასიათებელი სათამაშო დისციპლინაა.
რისი უნდა გვეიმედებოდეს?
არსებულ სიტუაციაში, ჩვენი გუნდის კოზირებსა და უპირატესობებზე საუბრისგან შეგნებულად თავს შევიკავებთ. თუმცა, გვსურს ის ფაქტორები გამოვყოთ, რისიც ამ მატჩში ყველაზე მეტად უნდა ვირწმუნოთ. მოცემულ ვითარებაში, ჩვენი მთავარი ჯოკერი გუნდური თამაში იქნება. დიახ, რომ არა გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ინდივიდუალისტები, შესაძლოა საქმე სულ სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ, თუ არა ყველაზე მთავარი, საერთო მუხტი და სულისკვეთება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ფინალს ვერ მივაღწევდით. მაშინ, როცა გუნდს ინდივიდუალური ოსტატობა აკლია, ფეხბურთელები და საქართველოს ნაკრების ყველა წევრი ისე უნდა შეკავშირდეს, როგორც ქართველი გულშემატკივარი, რომლისთვისაც 12 ნოემბერს პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის განსხვავება არ არსებობს. ცხადია, უნდა ვირწმუნოთ კიდევ ერთი ადამიანის, რომელსაც ხშირად ვაკრიტიკებთ, გადაწყვეტილებებს ვუწუნებთ და ა.შ, თუმცა ფაქტია, ის, რომ დღეს ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ერთ-ერთი უპირველესი წვლილი ამ საქმეში ვლადიმირ ვაისს მიუძღვის. სლოვაკ სპეციალისტს გადამწყვეტი თამაშების მოგების დიდი გამოცდილება აქვს და ჩვენც ამ გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ მის კარიერულ ისტორიას ისეთი მიღწევები ამშვენებს, როგორიც ისტორიაში პირველად "არტმედიას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ასევე ისტორიაში პირველად ბრატისლავის "სლოვანის" ევროპის ლიგაზე და სლოვაკეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ჯერ ჯგუფურ, მერე კი საპლეიოფო ეტაპზე სადებიუტო გაყვანაა. იმედი ვიქონიოთ, რომ რამდენიმე საათში ბატონი ვლადიმირის სივი ერთით მეტი დიდი ფორუმის საგზურის მოპოვებით შეივსება. როგორც მატჩამდე ორივე მხარის წარმომადგენლებისგან არაერთხელ ითქვა, ასეთ თამაშს ფილოსოფიაზე, სათამაშო სქემებსა თუ ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებზე მეტად, მტკიცე ნერვები და მამაცი გული იგებს. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ვლადიმირ ვაისი და მისი შეგირდები გარკვეულ სიძნელეთა მიუხედავად, შეკავშირებას, მოტივირებას და ქართველი ერისგან მიღებული უამრავი დადებითი ემოციისგან დამუხტვას შეძლებენ. სასიამოვნოა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მოედანზე გასვლასთან ახლოსაა, საკუთარ დანიშნულებასა და პასუხისმგებლობას იდეალურად იზიარებს. ...ბიჭებო, გადაახტით საკუთარ თავს, ირწმუნეთ საკუთარი ძალების, მოედანზე ფეხის შედგმისას გაიხსენეთ, რომ თქვენს უკან, საუკუნეების განმავლობაში ნატანჯი ქართველი ერი დგას, ხალხი, რომელიც ამ წარმატებას ათეული წელია ელოდება და აჩუქეთ მათ ისტორიული სიხარული...შევხვდებით, ევროპის ჩემპიონატზე!