Belive

შოტლანდიის ნაკრები: ყველაფერი რაც მომავალი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ 

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და ჯგუფში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოგებას შეეცდება. გამორჩეულად მნიშვნელოვანი 3 ქულისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების მატჩამდე შევეცდებით, ჩვენი მეტოქე უკეთ გაგაცნოთ და მათ ისტორიასა და წარსულში ჩავიხედოთ.

შოტლანდიის ნაკრები

დაარსება: 1872 

შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია: 1873 წლის 13 მარტი 

უეფას წევრი: 1954 წლიდან

ფიფას წევრი: 1910-1924, 1924-1928, 1946 წლიდან დღემდე

მთავარი მწვრთნელი: სტივ კლარკი

კაპიტანი: ენდრიუ რობერტსონი 

საშინაო არენა: ჰამპდენ პარკი (გლაზგო, შოტლანდია)

ფიფას რეიტინგი: 36 (2023 წლის 6 აპრილის მონაცემებით)

უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 13 (2007 წლის ოქტომბერი) 

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 88 (2005 წლის მარტი)


სტატისტიკა

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: კენი დალგლიში (102)

საუკეთესო ბომბარდირი: კენი დალგლიში და დენის ლოუ (30)

პირველი მატჩი: შოტლანდია - ინგლისი - 0:0 (1872 წლის 30 ნოემბერი, პატრიკი, ინგლისი, ფეხბურთის ისტორიაში პირველი ეროვნული ნაკრებების მატჩი)

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: შოტლანდია - ირლანდია - 11:0 (1901 წლის 23 ნოემბერი, გლაზგო, შოტლანდია)

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი: ურუგვაი - შოტლანდია - 7:0 (1954 წლის 19 ივნისი, ბაზელი, შვეიცარია)


ისტორია

შოტლანდია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ინგლისის ნაკრებთან ერთად, ერთ-ერთი უძველესი ეროვნული საფეხბურთო გუნდია. სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ მსოფლიოს ისტორიაში პირველ საერთაშორისო საფეხბურთო მატჩში 1872 წელს ერთმანეთს ეს ორი მეზობელი ქვეყანა დაუპირისპირდა. მას შემდეგ გუნდები ერთმანეთს მხოლოდ რვაჯერ შეხვდნენ, ბოლოს 2021 წლის ივნისში ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩში - 0:0.

შოტლანდიამ რვაჯერ მოიპოვა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და სამჯერ უეფას ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე უფრო წინ არასდროს უთამაშია.

შოტლანდია, როგორც გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ქვეყანა, არ არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დამოუკიდებელი წევრი და ამიტომ ეროვნული ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე არ ასპარეზობს.

შოტლანდიის ნაკრებს ისტორიაში რამდენიმე დასამახსოვრებელი შედეგი აქვს დაფიქსირებული, მაგალითად 1967 წელს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ინგლისის ნაკრების დამარცხება "უემბლის" სტადიონზე. ამავე დროს, ნიდერლანდების ნაკრების კარში, (1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე) არჩი გეილის მიერ გატანილი გოლი, მუნდიალის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად არის შეფასებული. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოტლანდიელებმა იმხანად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს - 1:0 სძლიეს.

შოტლანდიის გულშემატკივართა ერთობლიობა ცნობილია როგორც ტარტანის არმია. შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ადგენს საპატიო სიას ყველა იმ მოთამაშისთვის, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 50-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. შოტლანდიის საშინაო მატჩების უმეტესობა იმართება ეროვნულ სტადიონზე, "ჰამპდენ პარკზე".

Fans 'should be able to watch Scotland men's matches for free' - MPs report  - BBC News

სტადიონი

​"ჰამპდენ პარკი" გლაზგოში მდებარე შოტლანდიის ეროვნული გუნდის ტრადიციული სახლია და მასზე უმეტესად, ნაკრების გარდა არცერთი კლუბი არ თამაშობს. სტადიონზე საუკუნის დასაწყისში "ქვინს პარკი" თამაშობდა, თუმცა 2000 წელს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ არენა გამოისყიდა და ახლა ის მხოლოდ ქვეყნის თასის, სუპერთასის ფინალებს და ეროვნული გუნდის შეხვედრებს მასპინძლობს.

სტადიონი, რომლის ტევადობა რეკონსტრუქციის შემდეგ 81 000-დან 52 000-მდე მაყურებლამდე შემცირდა, 2014 წლის თანამეგობრობის თამაშებისთვის დროებით მძლეოსნობის არენად გადაკეთდა.

საინტერესო ფაქტია, რომ 1937 წლის 17 აპრილს, ინგლისის წინააღმდეგ შოტლანდიის ნაკრების მატჩს სტადიონის არსებობის ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი, 149 547 ადამიანი დაესწრო.

განახლებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, მიღწეულია შეთანხმება, რომ სტადიონზე 2023/24 წლების საფეხბურთო სეზონიდან "ქუინს პარკი" დაბრუნდება, რომელმაც "ჰამპდენ პარკით" 2021 წელსაც ისარგებლა.

"ჰამპდენ პარკმა" ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას და მერვედფინალურ ეტაპზე შვედეთისა და უკრაინის ნაკრებების (1:2) დაპირისპირებასაც უმასპინძლა.

ტრადიციულად, საფეხბურთო მატჩების გარდა, "ჰამპდენ პარკი" მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური ჯგუფებისა და მუსიკოსების ღონისძიებებსაც მასპინძლობს, მათ შორის ისეთების, როგორებიც The Rolling Stones, Bon Jovi, Eagles, Eminem, U2, Oasis, Robbie Williams, Red Hot Chili Peppers, AC/DC, Coldplay, Paul McCartney, P!nk, Rihanna, Beyonce, Ed Sheeran, Calvin Harris და სხვები არიან.

Hampden Park (Letherby Drive, Glasgow)

შემადგენლობა

შოტლანდიის ნაკრებს ტრადიციულად ძლიერი, დაბალანსებული და წამყვანი ჩემპიონატების გამორჩეული კლუბების წევრებით დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავს. სტივ კლარკის სიაში ისეთ მოთამაშეებს შეხვდებით, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი, ლონდონის "არსენალის" მარცხენა მცველი კირან ტირნი და ამავე პოზიციაზე მოთამაშე გუნდის კაპიტანი და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, "ლივერპულის" მარცხენაფლანგელი, ენდრიუ რობერტსონია.

შოტლანდიის ნაკრებს ახალგაზრდა და ნიჭიერი თაობაც ეზრდება, მათ შორის აარონ ჰიკის, ნათან პატერსონის და ბილი გილმორის გამორჩევა შეიძლება, სამივე მათგანი პრემიერ ლიგის წარმომადგენელი კლუბების, შესაბამისად "ბრენტფორდის", "ევერტონისა" და "ბრაიტონის" წევრია.

შოტლანდიის ნაკრების საშუალო ასაკი 26.7 წელია. გუნდში 30 წელს ზემოთ მყოფი ხუთი და 22 წელზე დაბალი ასაკის მქონე სამი ფეხბურთელი ირიცხება.


შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზანდერ კლარკი, ანგუს განი, ლიამ კელი.

მცველები: ლიამ კუპერი, ჯეკ ჰენდრი, აარონ ჰიკი, დომინიკ ჰიამი, ნათან პატერსონი, რაიან პორტუსი, ენტონი რალსტონი, ენდი რობერტსონი, ჯონ საუტარი, გრეგ ტეილორი, კირან ტირნი.

ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი, ბილი გილმორი, ლუის ფერგიუსონი, რაიან ჯეკი, ჯონ მაკგინი, კალუმ მაკგრეგორი, კენი მაკლინი, სკოტ მაკტომინეი. 

თავდამსხმელები: რაიან კრისტი, ლინდონ დიკსი, კევინ ნისბეტი, ლოურენს შენკლენდი.


მთავარი მწვრთნელი

სტივ კლარკი, წარსულში ვეტერანი ფეხბურთელი, მარჯვენა მცველი, რომელიც 12 წლის განმავლობაში (1987-1998) ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახლდათ, 1998 წლიდან სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა. თავდაპირველად, ის "ნიუკასლის", "ვესტ ჰემის", "ჩელსის", "ლივერპულისა" და "ასტონ ვილას" შემადგენლობაში აკადემიებში და მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა და გამოცდილება ისეთ სპეციალისტებთან დააგროვა, როგორებიც ჟოზე მოურინიო, ავრაამ გრანტი, ლუიშ ფელიპე სკოლარი, ჯანფრანკო ძოლა, რაფაელ ბენიტესი, როი ჰოჯსონი, სერ კენი დალგლიში და რობერტო დი მატეო არიან, დამოუკიდებლად კი "ვესტ ბრომის", "რედინგისა" და შოტლანდიური "კილმანროკის" გაწვრთნა სცადა. მიუხედავად ტიტულოვან კლუბებში ხანგრძლივი მუშაობისა, მას სამწვრთნელო კარიერაში ტიტული არ მოუგია.

შოტლანდიის ნაკრებში სტივ კლარკი 2019 წლის მაისში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 43 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ეროვნულმა ნაკრებმა 23 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 12-ში დამარცხდა.

Alex McLeish: International sides now 'terrified' to face Scotland

სხვა სტატიები