ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: "კვარაცხელიას შეჩერება ვერ მოვახერხეთ, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია"
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
საქართველოს მხრიდან დუბლის ავტორი ნაკრების ახალი კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მეტოქის კარი ორივე შემთხვევაში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აიღო. შესანიშნავ ფორმაში მყოფ კვარაცხელიას გოლებს ისრაელმა სამწუთიან მონაკვეთში ორი ბურთით უპასუხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რან ბენ შიმონმა კომენტარი გააკეთა.
ჩვენ საკმაოდ დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ვფიქრობ, მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, თუმცა იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება ვერ მოვახერხეთ, რომელიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.
საქართველოს ნაკრები სწრაფ შეტევებზეა ორიენტირებული, ჩვენ უფრო მეტად ბურთის ფლობაზე ვაკეთებთ აქცენტს. მთლიანობაში, მატჩის მიმდინარეობისას ჩვენი გეგმა განხორციელდა. ისრაელის ნაკრებმა ხასიათი გამოავლინა და ჩამორჩენის მიუხედავად, ფრე დააფიქსირა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის და არაჩვეულებრივი დახვედრისთვის" - აღნიშნა რან ბენ შიმონმა.
საქართველოს ნაკრები ხვალ ლიეტუვაში გაემგზავრება. გასვლით შეხვედრას ჩვენი ნაკრები 29 მარტს გამართავს.