Belive

ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრები - რა ვიცით ჩვენი მომავალი მეტოქის შესახებ?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდება.

გაი ლუზონის გაწვრთნილმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში გერმანიის, პოლონეთის, უნგრეთის, ლატვიისა და სან მარინოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზა და 19 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე გერმანია გავიდა), რითაც პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

პლეი-ოფში ისრაელის მეტოქე ირლანდია იყო, გუნდებს შორის გამართული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, საბოლოოდ კი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პენალტების სერიაში იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში მესამედ (2013 წელს მასპინძლის ამპლუაში ითამაშა) გაიფორმა.

_____________________________________________

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისრაელმა C ჯგუფში მეორე პოზიციის დაკავება შეძლო, გადამწყვეტი ჯგუფური ეტაპის მესამე ტური გამოდგა, რომელშიც გუნდმა ჩეხეთს 1:0 მოუგო და 4 ქულით პლეი-ოფში ადგილი გაინაღდა.

შედეგები C ჯგუფში

გერმანია 1:1 ისრაელი

ინგლისი 2:0 ისრაელი

ისრაელი 1:0 ჩეხეთი

_______________________________________________

ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებში სულ 3 ლეგიონერი ირიცხება - ედენ კარცევი ,,ბაშაქშექირში'' თამაშობს, არად ბარი - ,,ციურიხში'', ოსკარ გლუხი კი - ,,ზალცბურგში''.

ქვეყანას ბოლო წლებში ასაკობრივ ნაკრებებში დიდი წარმატებები ჰქონდა - 19-წლამდელთა ნაკრები 2022 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ინგლისთან დამატებით დროში დამარცხდა, რამდენიმე კვირის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კი გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა (მეოთხედფინალში ბრაზილია გააგდო). ამ ნაკრებიდან მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 4 ფეხბურთელი - სტავ ლემკინი, დორ ტურგემანი, ანან ხალაილი და ტომერ ძარფატი (მეკარე) თამაშობს.

________________________________________________

საქართველოსა და ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებებმა 2022 წლის ნოემბერში, გორში, ამხანაგური შეხვედრა გამართეს, რომელიც სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 1:2 დასრულდა. 2019 წელს, ასევე ამხანაგურ მატჩში, საქართველომ მეტოქეს 2:1 მოუგო, 2011 წელს კი 0:2 დამარცხდა.

სხვა სტატიები