ისევ მიქაუტაძე | ქართველმა მეცი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში, "ლე ავრმა" "მეცი" მიიღო და 0:1 დამარცხდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მატჩს უდიდესი დატვირთვა ჰქონდა. შეხვედრის დაწყებამდე მეცი გასავარდნ ზონაში იყო 26 ქულით, ხოლო მისი უშუალო კონკურენტი, ლე ავრი 28 ქულით მე-15 პოზიციას ინარჩუნებდა.
სტუმრებმა შეხვედრა გიორგი მიქაუტაძის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ბოლო 3 შეხვედრაში მიქაუტაძემ უკვე მე-5 გოლი გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ ქულები, რომლებიც მეცს სასიცოცხლოდ სჭირდება, ქართველს მარტო მოაქვს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 46-ე წუთზე, გუნდელის დარტყმის შემდეგ მოგერიებულს დაამატა და ანგარიში ასე გახსნა. მან თამაშის ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა და ანგარიშშიც არაფერი შეცვლილა. გიორგიმ ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, sofascore-გან 7.6 ქულა, ხოლო whoscored-გან 7.5 ქულა.
ამ მომენტისთვის, მეცმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 1 ქულით სწორედ ლე ავრს გადაუსწრო. მიქაუტაძეს ლიგა 1-ში უკვე 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.