Belive

,,ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს, ამ თამაშში ვიღაცის ხელი ერია'' - კომპანი

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, პარი სენ ჟერმენთან გამართულ მატჩი შეაფასა:

,,დიდხანს იმედგაცრუებული ვერ ვიქნები... რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ძლიერ მეტოქესთან ძალიან, ძალიან თანაბარ დაპირისპირებაში დავმარცხდით. მეტოქის საჯარიმოში უფრო ეფექტურად უნდა გვემოქმედა. ვულოცავ პსჟ-ს. ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა ამ სეზონში დასრულდა, თუმცა კიდევ გვექნება შანსი და ეს ჩემთვის მოტივაციაა.

ვფიქრობ, პირველი ტაიმი უკეთესი გვქონდა. ერთადერთი, რაც კიდევ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პსჟ ჩაწოდებებისას დაცვაში წარმოუდგენლად კარგად თამაშობდა. ისინი ყოველთვის ძალიან კარგად იცავდნენ თავს მეორე ბურთზეც. ძალიან აქტიურები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მომენტებს ვქმნიდით, მაინც ახერხებდნენ, რომ საქმე გადამწყვეტ დარტყმამდე არ მიგვეყვანა.

მსაჯის გადაწყვეტილებები? ჩემი საქმეა გავაანალიზო, რა შეუძლია ბაიერნს უკეთესად გააკეთოს, მაგრამ რატომ არ იყო ეს წითელი ბარათი, ვერ ვხვდები. რატომ დაგვინიშნეს პენალტი პარიზში და რატომ არ მივიღეთ პენალტი აქ? მესმის წესები, გასაგებია: შენივე ფეხბურთელი ურტყამს ბურთს და ის გხვდება ხელზე, მაგრამ ხელი ჰაერში აქვს აწეული, თავს ზემოთ. არადა, ჩვენს სიტუაციაში დევისს ბურთი ჯერ სხეულზე მოხვდა, შემდეგ კი ხელზე და ყველამ, ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ ამ დროს ვერაფერს იზამ.

ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია პატივი ვცეთ მეტოქის დონეს, რომლის წინააღმდეგაც ვითამაშეთ, მაგრამ როცა თამაში ასეთი დაძაბულია, როცა ფეხბურთელები ამდენ ენერგიას დებენ მიზნის მისაღწევად და მთლიანობაში ასე კარგად გამოდიან... თუ აგებ, გირჩევნია მხოლოდ შენივე შეცდომების გამო წააგო...

ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ამ თამაშში ვიღაცის ხელი ერია და სასწორის პინა მუდმივად ჩვენ საწინააღმდეგოდ იხრებოდა. ეს არაფერს აკლებს პსჟ-ს ხარისხს, მაგრამ თუ გადახედავთ ეპიზოდებს... აბა რა უნდა ვთქვა?'' - ვენსან კომპანი

პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები