ინდივიდუალური დაპირისპირებები, რომლებიც ფინალის ბედს გადაწყვეტს
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, შემადგენლობების შესახებ, ორი რეალური კითხვის ნიშანი არსებობს. პსჟ-სთვის ლუის ენრიკემ მარჯვენა ფლანგზე ბარკოლასა და დუეს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, თუმცა ის ნამდვილად ვერ შეცდება, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ბრწყინვალე იყო ორივე ახალგაზრდა სეზონის განმავლობაში. თუმცა, ინტერისთვის, ის, ვინც აჩერბისა და ბასტონის შეუერთდება დაცვაში, ნამდვილად გადაწყვეტს, თუ როგორ წარიმართება ეს ფინალი.
ბენჟამინ პავარი, აპრილის ბოლოდან, ტერფის ტრავმის გამო ვერ თამაშობს და შედეგად, იძულებული გახდა, ბარსელონასთან ნახევარფინალი არ ეთამაშა. პავარის არყოფნის დროს იან ბისეკი გამოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მის თამაშს 'ცუდს' ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რეგულარულად იყო ჰანსი ფლიკის შეტევის სამიზნე, როგორც ინტერის დაცვის აშკარად სუსტი რგოლი.
ინძაგისთვის დიდი სტიმულია ის ფაქტი, რომ პავარი ფორმაშია და მზადაა დაუბრუნდეს იმ სტადიონს, რომელსაც სახლს უწოდებდა, როდესაც ბაიერნს წარმოადგენდა. და თუ ის, როგორც მოსალოდნელია, სასტარტო შემადგენლობაში იქნება, პირდაპირ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აღმოჩნდება და საკუთარი საჯარიმოს დაცვა ქართველისგან მოუწევს. მოხვდება. ამ ფლანგზე დენზელ დუმფრისიც იდგება, თუმცა მას საკუთარი დუელი ნუნუ მენდეშის წინააღმდეგ მოუწევს. სავარაუდოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ყველაზე ინტენსიური გადაკვეთა ინტერის მარჯვენა ცენტრალურ მცველს, პავარს ან ბისეკს ექნებათ.
უკვე ვახსენეთ მენდეშისა და დუმფრისის დუელი, თუმცა არის კიდევ რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირება, რაც ფინალის ბედს გადაწყვეტს - დონარუმა/ზომერი, ჰაკიმი/დიმარკო, მარკინიოსი/ლაუტარო და ბარელა/ჟოაუ ნევეში.
სტატია მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით.