იბერიამ მარჯვენა მცველი დაიმატა | თბილისურმა გუნდმა ევროტურნირისთვის გაძლიერება დაიწყო
ევროპის ლიგის პლეი-ოფისა და კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპისთვის მზადების პროცესში იბერია 1999-მა შემადგენლობის გაძლიერება დაიწყო. თბილისურმა კლუბმა ესპანური ლეგანესიდან 1-წლიანი იჯარით 24 წლის ურუგვაელი მარჯვენა მცველი - სებასტიან ფიგერედო დაიმატა.
ესპანურ და სამხრეთამერიკულ ფეხბურთში მიღებული გამოცდილება ფეხბურთელს საშუალებას მისცემს, ქართული გუნდის დაცვის მარჯვენა ფლანგს სერიოზული სტაბილურობა შესძინოს.
24 წლის ფეხბურთელი ურუგვაული მონტევიდეო უონდერერსის აღზრდილია, სადაც პროფესიონალური დებიუტი 2022 წელს ჰქონდა. 2023 წლის შემოდგომაზე იგი ურუგვაის 23-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ფიგერედომ პანამერიკულ თამაშებზე ურუგვაის ოლიმპიური ნაკრების მაისურით ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი საიმედო თამაშით გამოიჩინა.
სამხრეთ ამერიკაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, 2025 წლის ზაფხულში ურუგვაელმა მცველმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ ლეგანესთან. გასულ სეზონში ფიგერედომ ესპანეთში საკმაოდ სოლიდური სათამაშო პრაქტიკა მიიღო და ლეგანესის შემადგენლობაში ოფიციალურიად 18 მატჩი ჩაატარა. სწორედ ესპანური ფეხბურთის ტემპთან და ტაქტიკურ დისციპლინასთან ნაზიარები ფეხბურთელი იქნება იბერიასთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ევროტურნირებზე წარმატების მისაღწევად.
ევროპის ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობა კლუბისთვის ისტორიული შანსია - წყვილში გამარჯვება გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაიყვანს, ხოლო დამარცხების შემთხვევაშიც კი, თბილისელები გარანტირებულად ითამაშებენ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ამ მასშტაბურ ევროპულ გამოწვევებს იბერია ფიგერედოს სახით უკვე გაძლიერებული ხვდება.