Belive

იანე ანდერსონი - კვარაცხელია შვედეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
11 ნოემბერს, 21 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს ბათუმში გამართავს. მატჩის წინ შემდგარი პრესკონფერენციის დროს, შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - იანე ანდერსონმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შვედეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ანდერსონი, რომელმაც კვარაცხელიას მეტსახელად "კვიკანი" შეარქვა შვედ ფეხბურთელებს განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. პოპულარული შვედური გამოცემა fotbollskanalen ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ შვედეთის საფეხბურთო ნაკრებს ბათუმში ურთულესი მატჩი ელის. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, შვედებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით სახიფათო მოწინააღმდეგეა.
"ემილ კრაფტს (შვედეთის ნაკრების მარჯვენა მცველი) დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს, თუმცა ემილი ძალიან სწრაფი და გამოცდილია. ლასე და კრისტოფერ ბერნსპანგი (ანალიტიკოსი) საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშს აქტიურად აკვირდებოდნენ. მათ ასევე დაგვიდასტურეს, რომ კვარაცხელიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ". "მე და ლასეს ერთი მსგავსი თვისება გვაქვს - ფეხბურთელებს მეტსახელებს ვურჩევთ. ჩვენ კვარაცხელიას "კვიკანი" დავარქვით. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელმაც შეიძლება განსაკუთრებული საფრთხე შეგვიქმნას - ამიტომ ნაკრების წევრებს სიფრთხილისაკენ მოვუწოდეთ", - აღნიშნავს ანდერსონი.
შვედური გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინში" სისტემატურად ეძლევა სათამაშო დრო. fotbollskanalen-მა კვარაცხელია ისეთ ტოპ კლუბებს დაუკავშირა, როგორიცაა: "ბაიერნი", "ტოტენჰემი", "ლიდსი", და "ევერტონი" მის სატრანსფერო ღირებულებად კი 22$ მილიონი სახელდება. ფოტო: gff.ge

სხვა სტატიები