Belive

ჰარი კეინი | ყველაზე დიდი საშინელება პენალტების სერიაში დამარცხებაა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
EURO 2020-ის ფინალში ინგლისი იტალიას დაუპირისპირდა. "უემბლიზე" გამართული დრამატული ფინალური მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ (1:1) დასრულდა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. იტალიის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა თერთმეტრიანები უკეთ შეასრულეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დამსახურებულად დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ინგლისის მხრიდან ვერ გატანილი სამივე პენალტის ავტორი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მატჩში გვიან ჩაერთო - მარკუს რეშფორდი და ჯეიდონ სანჩო მოედანზე 11-ე წუთზე გამოჩნდნენ, ბუკაიო საკა კი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა - ჰარი კეინმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი საშინელება პენალტების სერიაში დამარცხებაა.
"მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო - ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს. ყველაზე დიდი საშინელება პენალტების სერიაში დამარცხებაა." "დღეს ჩვენი საღამო არ იყო, მაგრამ მთლიანობაში ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ და შეგვიძლია ტურნირი თავაწეულებმა დავტოვოთ. რა თქმა უნდა გულდაწყვეტილები ვართ და განვიცდით, კიდევ რაღაც პერიოდის განმავლობაში ვიქნებით ასე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვპროგრესირებთ და სწორი გზით ვვითარდებით, რაც მომდევნო წლებში შედეგს აუცილებლად მოგვცემს." "ძალიან ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. შესანიშნავი სტარტი გვქონდა, შემდეგ კი თამაში მეტ ნაკლებად გათანაბრდა. დამატებით ტაიმებში ზეწოლა გავზარდეთ და კარგი შანსიც გვქონდა. თერთმეტმეტრიანების სერიაზე ვერაფერს ვიტყვი - ეს იღბალია და სამწუხაროდ ამ საღამოს იღბალმა ზურგი გვაქცია. არავის ვადანაშაულებ, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს. პენალტი ნებისმიერმა შეიძლება გააფუჭოს. ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. ამ მარცხით ყველა მივიღებთ გაკვეთილს და პროგრესს გავაგრძელებთ", - აღნიშნა ჰარი კეინმა. 
ასევე იხილეთ: იტალია 3:2 ინგლისი (პენალტების სერია)

სხვა სტატიები