ჰარი კეინი გერმანიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად მიემგზავრება
ბრიტანული და გერმანული მედია საშუალებები ჰარი კეინის ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიურად სპეკულირებენ. მას შემდეგ, რაც "ბაიერნსა" და "ტოტენჰემს" შორის შეთანხმება შედგა, კეინმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, ინგლისელი ვარსკვლავი "რეკორდმაისტერში" გადასვლას დათანხმდა.
Sky Sports-ის სპორტული ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი აღნიშნავს, რომ ჰარი კეინი გერმანიაში 11 აგვისტოს გაემგზავრება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტს მოაწეროს ხელი. სოციალურ ქსელებში კონტრაქტის დეტალებიც გასაჯაროვდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია - კეინი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ანაზღაურების სახით კი წელიწადში 25 მილიონ ევროს მიიღებს.
მომავალი ტრანსფერის ერთადერთ ხელისშემშლელ გარემოებად, "ტოტენჰემის" პოზიცია რჩება. თავდაპირველად, "სპურსის" წარმომადგენლები 100 მილიონიან წინადადებას დათანხმდნენ, მაგრამ მოგვიანებით გარიგების პირობების გადახედვა მოინდომეს.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, კეინმა 30 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.