გუსტავო ალფარო: "მსაჯი მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა"
მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ გაიტანა. ამ წარმატებით ფრანგების ლიდერი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა - მას და ლიონელ მესის აქტივში 7-7 გატანილი გოლი აქვთ და ოქროს ბუცის მთავარ პრეტენდენტებად გვევლინებიან.
ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სკანდალურ მატჩად შეფასდეს, რისი მიზეზიც მოედანზე გადამეტებული უხეშობა და არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. პარაგვაელი ფეხბურთელები მოედანზე საფეხბურთო მატჩის ნაცვლად, პირდაპირი გაგებით, MMA-ის ორთაბრძოლას მართავდნენ და ფრანგებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, უზბეკმა ილგიზ ტანტაშევმა, პარაგვაელთა აგრესიას თვალი დახუჭა და შეხვედრაში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა - სამივე ფრანგი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რაც ნამდვილად კომიკურია.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარაგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გუსტავო ალფარომ, ძალიან უცნაური კომენტარი გააკეთა, რასაც სოციალურ ქსელებში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ალფარომ პრესკონფერენციაზე საკუთარი ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიამაყე გამოხატა. მართალია, მან მსაჯობა დიპლომატიურად, თუმცა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა, საბოლოო შედეგს მაინც ღირსეულად შეეგუა და მეტოქის კლასი აღიარა.
„ჩემი ფეხბურთელებით ამაყი ვარ. მათ მოედანზე მთელი გული დატოვეს და აჩვენეს, რომ უდიდესი წნეხისა და სირთულეების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ.
საფეხბურთო რეგლამენტის მთელი წესები რატომღაც მხოლოდ პარაგვაის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. გარკვეულმა გარემოებებმა მეტოქეს სერიოზული უპირატესობა მიანიჭა, არადა, ყველაფერი, რაც ჩვენ მოედანზე გვინდოდა, უბრალოდ სამართლიანობა იყო.
ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენ ყოველდღიური პურისთვის ვიბრძვით. ამ ბიჭების უმეტესობა ძალიან რთულ სიტუაციებში გაიზარდა, ჩვენი პოზიციაა, რომ მოედანზე ლომებივით ვიბრძვით. ჩვენი ბრძოლა თავმდაბლობისა და სიმარტივის ბრძოლაა.
პირველ ტაიმში მსაჯმა კარგად იმსაჯა, თუმცა მეორე ტაიმში იგი მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა...
მუნდიალზე გამოსვლით ბედნიერი ვარ და ჩემი ბიჭები სამშობლოში გმირებად დაბრუნდებიან." - გუსტავო ალფარო
შეგახსენებთ, რომ პარაგვაელებმა მუნდიალის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები დაამარცხეს, თუმცა 1/8-ფინალში ფრანგებთან დამარცხდნენ.
საფრანგეთმა მძიმე და ფიზიკურად დამღლელ ბრძოლაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. მსაჯის მხრიდან აშკარა არათანმიმდევრული მსაჯობისა და მეტოქის აგრესიული ქმედებების მიუხედავად, დეშამის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ახლა უკვე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.