გურამ კაშია: "ვიცით რა დევს სასწორზე და ვეცდებით სამი ქულა დავიტოვოთ"
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ "სპარტაკ ტრნავასთან" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. 35 წლის ცენტრალურმა მცველმა სლოვაკეთის ჩემპიონობის ზედიზედ მეორედ მოპოვებისკენ მიმავალ გზაზე დერბიში გამარჯვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მნიშვნელოვანია, რომ ბრატისლავის "სლოვანი" "ტრნავას" ოთხი დღის განმავლობაში ორჯერ დაუპირისპირდება - პირველად ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეს საშინაო კედლებში, ფორტუნა ლიგის 29-ე ტურის ეგიდით შეხვდება და ეს მატჩი 28 აპრილს გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა უკვე ქვეყნის თასის ფინალში შედგება და ის 1 მაისს ჩატარდება.
"უცნაურია, რომ მათ ზედიზედ ორჯერ ვხვდებით. ეს იქნება ორი სრულიად განსხვავებული მატჩი. ლიგაში ჩვენ "სპარტაკისგან" განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, ტიტულისთვის ვიბრძვით. კარგ ხასიათზე ვართ. რაც შეეხება ფინალს, ამ მატჩზე ჯერ არ ვფიქრობთ და კონცენტრირებულნი მხოლოდ პარასკევის მატჩზე ვართ. ჩვენი გონება მხოლოდ ამ შეხვედრისკენაა მიმართული, ვიცით, რა არის სასწორზე და გვინდა სამი ქულა შინ დავიტოვოთ.
ფაქტობრივად, ჩვენ მათ სეზონში ხუთჯერ ვხვდებით, ასე რომ, უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ვიცით, რომ დერბი პრესტიჟულია კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. ჩვენ გვინდა ყველა თამაში მოვიგოთ და არც ეს მატჩი იქნება გამონაკლისი. პირველ რიგში საკუთარ თავს და სამი ქულის მოპოვების მიზანს ვუყურებთ და მხოლოდ შემდეგ ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე.
გვინდა მომდევნო სამი მატჩის წარმატებით დასრულება. ამ შეხვედრებში სათამაშოდ მოედანზე სრულად მომართულები და მონდომებით გავალთ. სეზონი პიკზეა და ბოლომდე არც ერთი დუელი არ იქნება ადვილი. თუმცა, თუ გვინდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, გამარჯვება გვჭირდება. მჯერა, რომ პირველ ნაბიჯს უკვე პარასკევს გადავდგამთ.
ახლა ტირილის ან წუწუნის დრო არ არის. სეზონის ბოლოა და ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ტკივილები. ეს მართლაც ბევრი იყო, გასული ზაფხულის შემდეგ, ალბათ, 50 მატჩი ვითამაშე და მე აღარ ვარ ახალგაზრდა. მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებ, ჩვენი შესანიშნავი სამედიცინო გუნდი დამეხმარა სირთულეების მოგვარებაში. თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ გადამწყვეტი მატჩებისთვის", - თქვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა.
გურამ კაშიას ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი "ტრნავას" წინააღმდეგ პირველ შეხვედრას 28 აპრილს, პარასკევს ჩაატარებს - მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ოფიციალური პლატფორმის მეშვეობით იხილავს.