გულშემატკივარმა, რომელმაც კრემონეზეს მეკარეს ფეიერვერკი ესროლა, სამი თითი დაკარგა
გუშინ, სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში კრემონეზე მილანის ინტერთან 0:2 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთისთვის შეუსაბამო რამ მოხდა, 49-ე წუთზე ტრიბუნიდან ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კრემონეზეს მეკარეს ფეიერვერკის მსგავსი რამ ესროლა, რის გამოც რამდენიმე წუთით შეხვედრის შეჩერება გახდა საჭირო. ინდონეზიელი მეკარე სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და მატჩის გაგრძელებაც შეძლო, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ფეიერვერკის სროლაში ეჭვმიტანილი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა. როგორც ჩანს, სამართალდამცავ ორგანოებს მისი ადგილმდებარეობის დადგენა არ გაუჭირდათ, რადგან აფეთქების შედეგად მან სამი თითი დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მატჩის შემდეგ, აღნიშნულ ფაქტს ინტერის პრეზიდენტი ჯუზეპე მაროტაც გამოეხმაურა:
მკაცრად ვგმობ ამ უაზრო და სრულიად არასპორტულ ქმედებას. ამ სფეროში მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში მსგავსი რამ არასდროს მინახავს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გულშემატკივარი იზიარებს ჩემს აზრს, ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი. - ჯუზეპე მაროტა - ინტერის პრეზიდენტი
ამჟამად სერია A-ს ცხრილს 55 ქულით ინტერი ლიდერობს, ნერაძური მეორეადგილოსან მილანს, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული 8 ქულით უსწრებს. კრემონეზე კი 23 ქულით მე-15 ადგილზეა.