გრანიტ ჯაკას პატიმრობა ემუქრება | მან კოვიდ საბუთი გააყალბა
შვეიცარიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და სანდერლენდის ნახევარმცველი - გრანიტ ჯაკა სერიოზული სამართლებრივი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ლუცერნის პროკურატურამ ფეხბურთელისა და ადგილობრივი ექიმის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება COVID 19-ის ყალბი სერტიფიკატის შესაძლო უკანონო მიღებასა და გამოყენებას, რამაც შვეიცარიულ მედიაში დიდი ხმაური გამოიწვია.
🚨 𝗡𝗘𝗪: Granit Xhaka could face up to FIVE YEARS in prison over allegations that he obtained a Covid certificate despite not being vaccinated.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 21, 2026
The Lucerne public prosecutor has opened proceedings against Xhaka and a doctor from Lucerne.
— @RMCsport pic.twitter.com/OgWRLsCwCj
გამოძიების ვერსიით, ჯაკამ კოვიდ სერტიფიკატი იმ პერიოდში აიღო, როდესაც რეალურად აცრილი არ ყოფილა. შვეიცარიის კანონმდებლობით, ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის დამზადება, გაცემა ან შეგნებულად გამოყენება მძიმე დანაშაულად ითვლება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურ სასჯელად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან მსხვილი ფინანსური ჯარიმაა გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ ჯაკას პანდემიის პერიოდში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოზიცია ღიად აქვს დაფიქსირებული - მან თავის დროზე აცრაზე უარი განაცხადა, რამაც 2021 წელს შვეიცარიის ნაკრებში კორონავირუსით ინფიცირებისას დიდი ამბები გამოიწვია.
ამ ეტაპზე საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, პროკურატურა ექიმსა და ფეხბურთელს შორის არსებულ კავშირებს იკვლევს, თავად ნახევარმცველის მხარე კი ბრალდებებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.