Belive

ბერნალი იამალთან არასპორტული ქმედების გამო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

11 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) სადისციპლინო კომიტეტმა ბეტისის ნახევარმცველ - ფაკუნდო ბერნალს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა. 23 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა სასჯელი ბარსელონასთან გამართულ მატჩში (2:5) მიღებული წითელი ბარათის გამო მიიღო.

ინციდენტი შეხვედრის 54-ე წუთზე მოხდა, როდესაც ანდალუსიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს (2:2). როგორც სადისციპლინო ანგარიშშია აღნიშნული, თამაშგარე სიტუაციაში ბერნალმა ბარსელონას თავდამსხმელს, ლამინ იამალს კისერში ხელი მოუჭირა და თავი ორჯერ ჩარტყა, რის გამოც იგი მეტოქეზე ძალადობაში დაადანაშაულეს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედებისთვის ესპანური ფეხბურთის სადისციპლინო კოდექსი 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, ბერნალმა მინიმალური 4-მატჩიანი სასჯელი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ინციდენტამდე ლამინ იამალიც გააფრთხილეს ბერნალისთვის ხელის კვრის გამო.

კაცნაკლულმა ბეტისმა უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა და კატალონიელებმა კიდევ სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, რაშიც თავისი წვლილი იამალმაც შეიტანა, როდესაც გაბრიელ ჟესუსს საგოლე გადაცემა გაუკეთა. გარდა ფეხბურთელისა, სპორტული ეთიკის საწინააღმდეგო ქმედებისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და ჯარიმით ბეტისის სპორტული დირექტორი მანუ ფახარდოც დაისაჯა.

მიღებული სანქციის გამო, ფაკუნდო ბერნალი ბეტისის უმნიშვნელოვანეს მატჩებს გამოტოვებს. ურუგვაელი ნახევარმცველი ლა ლიგის შეხვედრებს სელტას, მალაგას, ელჩეს და რაც მთავარია, 22 ნოემბერს გასამართ პრინციპულ სევილიურ დერბის გამოტოვებს.

ამჟამად ბეტისი სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, ლიდერთა შორის პოზიციების შესანარჩუნებლად კი გუნდს საკვანძო ფეხბურთელების გარეშე თამაში მოუწევს.

სხვა სტატიები