Belive

GOAL: ალისონის ტრავმები ცხადყოფს, რომ მისი წასვლა გამართლებულია

2 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

"ლივერპულის" ყველა დროის საუკეთესო მეკარის დაღმასვლაზე ინგლისური მედია ხშირად წერს. პრობლემა გახშირებული ტრავმებია, რაც იმის მანიშნებელია, რომ არნე სლოტს მასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები ვერ ექნება. მითუმეტეს, "ლივერპულს" დიდი ტრანსფერი უკვე გაოფიციალურებული აქვს: მომავალი სეზონიდან, "მერსისაიდულ" კლუბს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.

მიმდინარე სეზონის ბოლოს, "ლივერპულის" ლიდერებს - ვირჯილ ვან დაიკს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და მოჰამედ სალაჰს, კონტრაქტი ეწურებათ. კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, სეზონი ახალი დაწყებულია და თუ როგორი იქნება არნე სლოტის განახლებული "ლივერპული", ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ამ ფონზე, ზაფხულის ტრანსფერები (მამარდაშვილი და ფედერიკო კიეზა) "ლივერპულის" ქომაგისთვის მოულოდნელი სიახლე გახლდათ. გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, სოციალურ ქსელში ერთმა მომხმარებელმა ასეთი კითხვა დასვა: მომდევნო წლის ტრანსფერები უკვე ვიცით, მაგრამ როგორია ამ სეზონში ჩვენი გეგმები?

რატომ შეიძინა ლივერპულმა მეკარე?

ევრო 2024-ზე, გიორგი მამარდაშვილი ყველასგან გამოირჩეოდა. საქართველოს ნაკრების მერვედფინალში მოულოდნელი გასვლა მისი უდიდესი დამსახურება იყო. ამავე დროს, "ლივერპულის" რიგებში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო N1 და N2 მეკარეები - ალისონი და კელეჰერი ირიცხებიან. ამ გარემოების გათვალისწინებით არ იკითხებოდა, რომ "ლივერპულის" პრიორიტეტი ახალი მეკარის დამატება იქნებოდა.

შემდეგ გაირკვა, რომ მამარდაშვილი "მერსისაიდზე" მომდევნო სეზონის ბოლოს გამოჩნდებოდა, რაც ავტომატურად იმასაც ნიშნავდა, რომ კელეჰერი ძირითად შემადგენლობაზე ოცნებას ემშვიდობებოდა.

გასული წლების განმავლობაში ღიად ვაფიქსირებდი, რომ პირველ ნომრად თამაში და რეგულარულად ასპარეზობა მინდოდა. კლუბმა სხვა მეკარის შეძენა გადაწყვიტა. გარე თვალით, ასე ჩანს, რომ კლუბმა სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა. ჩემი ამბიცია ყოველთვის თამაში გახლდათ, თუმცა არის მომენტები, როდესაც ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. - კელეჰერი

მამარდაშვილის შეძენით, "ლივერპულმა" ცხადყო, რომ კელეჰერი ალისონის შემცვლელად ვერ ივარგებდა. "ლივერპულს" სჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაეყრდნობოდა. ამავე დროს, მას ალისონის მემკვიდრეობა ღირსეულად უნდა ეტარებინა.

"ვალენსიაში" მოხვედრის შემდეგ, 24 წლის მამარდაშვილი "ლა ლიგის" ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა. ხანდახან, ის პენალტების მოგერიების სპეციალისტადაც გვევლინება და ზედიზედ 69 შეხვედრაშიც ითამაშა, რაც "ვალენსიაში" დღემდე არავის გაუკეთებია - სწორედ ეს არის კონტრასტი, რომელიც მას ალისონისგან განასხვავებს.

არნე სლოტის ხელმძღვანელობით, "ლივერპული" მოედანზე სულ 7-ჯერ გავიდა, თუმცა ალისონი უკვე 2-ჯერ დაიმტვრა. გარკვეულწილად, სლოტს გაუმართლა, რადგან ალისონს მკურნალობა სანაკრებო მატჩების დროს მოუწევს, თუმცა მისი დროული დაბრუნება მაინც სათუო რჩება, რასაც სლოტის სიტყვებიც მიანიშნებს.

ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და მისი გამოკლება ყოველთვის დიდი დანაკლისია, თუმცა მას ძალიან კარგი ჩამნაცვლებელი ჰყავს. - არნე სლოტი

მხოლოდ 2024 წელს, ალისონმა ბარძაყის კუნთის ტრავმა 3-ჯერ მიიღო. ამასთან, გასულ სეზონში, კელეჰერმა ძირითად შემადგენლობაში 26-ჯერ ითამაშა, რაც რიგით მეორე მეკარისთვის ზედმეტად ბევრია. როგორც ჩანს, "ლივერპულმა" ალისონში სამომავლო პრობლემა დაინახა და მისი მოგვარება ეფექტურად, დროულად გადაწყვიტა. ამას ემატება ალისონის ჩამნაცვლებლად კელეჰერის ერთი წლით დატოვება, რაც მხოლოდ ერთზე მეტყველებს - "ლივერპული" სწორ სვლებს აკეთებს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით.

სხვა სტატიები