Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ყაზახური მატჩის პირველი ტაიმი არ მომეწონა, ახლა კი საკუთარ კედლებში ვართ და უკეთ უნდა ვითამაშოთ"

9 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "დინამო თბილისი" ყაზახურ "ასტანას" უმასპინძლებს.

მატჩის წინ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"ასტანას" ჰყავს ახალწვეულები, თუმცა ვფიქრობ, რომ სათამაშო სურათი ახალწვეულების მიუხედავად არ შეიცვლება და ისეთივე თამაშის სტილს უნდა ველოდოთ, როგორც ყაზახეთში.

პირველ მატჩში გიორგი მოისწრაფიშვილი სათამაშოდ მზად არ იყო. ახლა მანაც ივარჯიშა და ზორან მარუშიჩმაც, თუ რამდენად შეძლებენ ჩვენს დახმარებას ამას უკვე მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ. რაც შეეხება გიორგი მოისწრაფიშვილს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის ბირთვის წევრი და ლიდერია, მას ძალიან ბევრი სათამაშო დრო მიეცემა, თუმცა კონკრეტულ მატჩში ვინ და რამდენ სათამაშო დროს მიიღებს, ეს მეტოქიდან, სათამაშო სქემიდან და მათი კონდიციებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება თორნიკე კირკიტაძეს, მას სერიოზული ტრავმა აქვს და შესაძლოა მომავალ მატჩებშიც ვერ დაგვეხმაროს.

პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოვიდა, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვითამაშეთ და ძლიერ სიცხეში, რასთანაც ადაპტირებულები არ ვართ. მე არ მიყვარს კონკრეტულ მიზეზებზე დაბრალება, თუმცა ის პირველი ტაიმი, რომელიც ყაზახეთში ჩავატარეთ, ძალიან არ მომეწონა და მინდა, რომ ამ გარემოებებს მივაწერო. ახლა უკვე საშინაო კედლებში და გარემოში ვართ, სადაც არც ადაპტაციის პრობლემა გვაქვს და გულშემატკივრის მხარდაჭერასაც ველით, რასაც განსაკუთრებული როლი აქვს.

ვერ ვიტყვი, რომ წილისყრაში გაგვიმართლა და "ასტანა" ჩვენზე ძალიან სუსტი გუნდია, ან პირიქით, ის ძალიან აღგვემატება. არა, ვფიქრობ, რომ ორი თანაბარი გუნდის დაპირისპირებაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ "ასტანა" ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა და გამოცდილებით საკმაოდ აღგვემატება. სამაგიეროდ, ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, მოტივირებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი.

ჩემს ერთწლიან პერიოდში, რომელიც "დინამოში" გავატარე, ყველაზე სასურველი ტრანსფერი გიორგი ლორიას დამატებაა. ჩვენ შეგვემატა არამხოლოდ ძლიერი მეკარე, არამედ თავდაჯერებულობა მთლიანად გუნდში. გიორგი პიროვნულად ძალიან ძლიერი ადამიანია და ამის გამო კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია, რომელიც ჩემი სურვილით და რომან ფიფიას დახმარებით განხორციელდა. ჩვენთვის მის ტრანსფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მისი იმედი ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს და არსებული გამოცდილების ხარჯზე, შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩვენთვის ნახევარი გუნდია.

პენალტების სერიაზე მუშაობაში კარგი დახმარება ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულმა ახალმა ტურნირმა, სუპერთასის განახლებული ფორმატმა შეგვიწყო. ერთია, როცა პენალტების შესრულებაში ვარჯიშობ და მეორე, როცა ამას რეალურად, მატჩის დროს აკეთებ. ფსიქოლოგიურად, ეს გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მეტოქის მთავარი ძლიერი მხარე ჩაწოდების მაღალი ხარისხია. გვყავს სხვადასხვა ტიპის მცველები, შესაბამისად, ყველა მათგანის ნახვა შემადგენლობაში შესაძლებელია. გვყავს, როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი და ეროვნულ ნაკრებში პრაქტიკის მქონე მოთამაშეები, თუმცა იმას თუ რომელი მათგანი მიიღებს მონაწილეობას ხვალინდელ შეხვედრაში, ამას უშუალოდ მატჩის დღეს გადავწყვეტთ", - თქვა 43 წლის სპეციალისტმა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და “ასტანას” მატჩი 19 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება (გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა).

სხვა სტატიები