გიორგი მიქაუტაძე: "საქართველოს ნიჭიერი ახალი თაობა ჰყავს, რომელსაც დიდ ტურნირზე თამაშის შანსი ექნება"
საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა lessentiel.lu-სთან ინტერვიუში არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტი:
როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით გუნდში ოდნავ მოგვიანებით დაიმკვიდრეთ ადგილი?
გიორგი მიქაუტაძე:
თავდაპირველად ნდობის მოპოვება გამიჭირდა, მაგრამ მოგვიანებით, ბელგიაში გატარებული სეზონების შემდეგ, "მეცში" თავის დამკვიდრება და ბომბარდირობისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მომეცა.
ჟურნალისტი:
წარმატებული კარიერის აშენებისთვის მსხვერპლის გაღება საჭიროა?
გიორგი მიქაუტაძე:
კარიერის წარმატებით წარმართვისთვის საჭიროა, რომ მსხვერპლი გაიღო. სწორად იკვებო და ბევრი იმუშაო, რაც მოგვიანებით აუცილებლად აგინაზღაურდება.
დაახლოებით ორი თვეა, რაც მყავს ადამიანი, რომელიც ჩემი კვების რაციონზე ყოველდღიურად ზრუნავს. ის მაძლევს რეცეპტებს, რომლის მიხედვითაც შემდეგ სახლში საკვებს ვამზადებ. ზოგჯერ, როცა ამის გაკეთება მიჭირს დედა მეხმარება. ის შესანიშნავი მზარეულია, განსაკუთრებით კარგად კი ქართულ კერძებს ამზადებს. ჩემი ფავორიტი საჭმელი არის ხინკალი, ეს დაკეპილი ხორცის მასაა, რომელიც ცოტა სოუსთან ერთად ცომში თავსდება. როცა სახლში ვარ, დედა ხინკალს მიმზადებს ხოლმე. ჯერ ამის მომზადება არ მიცდია, მაგრამ როცა დედაჩემს ვუყურებ, რომელიც ხინკალს ამზადებს, ვხვდები, რომ არ უნდა იყოს რთული.
ჟურნალისტი:
გრძნობთ, რომ გულშემატკივრების ფავორიტი ფეხბურთელი ხდებით?
გიორგი მიქაუტაძე:
მცირედი შეგრძნება მაქვს, რომ გულშემატკივრების ფავორიტი ფეხბურთელი გავხდი. ამას ჩემს მიერ გატანილი გოლები და გუნდის შედეგები განაპირობებს. ამას სოციალურ ქსელში ვხვდები. "ნიმსის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში გულშემატკივარი მცირე ოვაციებით შემხვდა, ახლა კი ხალხი ქუჩაში მცნობს.
ჟურნალისტი:
სეზონის შემდეგ "მეცში" დარჩენას აპირებთ?
გიორგი მიქაუტაძე:
ჩვენი მიზანი გუნდის ლიგა 1-ში აღზევებაა. ამისთვის ვიბრძვით და თუ ეს გამოგვივიდა მაშინ რატომაც არა, რატომ არ უნდა დავრჩე გუნდში?
ჟურნალისტი:
არის ჩემპიონატი, რომელშიც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ხედავ?
გიორგი მიქაუტაძე:
ყოველთვის ვამბობდი, რომ მომწონს ინგლისის ჩემპიონატი.
ჟურნალისტი:
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში გამოჩნდა, გრძნობ თუ არა, რომ ქართველი ფეხბურთელების გარშემო განსაკუთრებული აჟიოტაჟია?
გიორგი მიქაუტაძე:
ქართველი მოთამაშეები ქვეყნის ფარგლებს მიღმა ნელ-ნელა გადიან. ჩვენ გვყავს მეკარე "ვალენსიაში" - გიორგი მამარდაშვილი, ასევე ზურიკო დავითაშვილი "ბორდოში". რა თქმა უნდა, არის განსაკუთრებული მოლოდინი. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელების ჯგუფი გვყავს, ამიტომ გვაქვს დრო, რომ კარგად მოვემზადოთ და ერთ დღესაც დიდი ტურნირზე ვითამაშოთ.
ჟურნალისტი:
აპირებთ თუ არა ევრო 2024-ზე მოხვედრას?
გიორგი მიქაუტაძე:
დიახ, ეს ჩვენი მიზანია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში. საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს, რომელშიც ნორვეგიასთან და ესპანეთთან მოგვიწევს დაპირისპირება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობისთვის ყველა ღონის გაღება იქნება საჭირო.