"სამწუხაროდ კვლავ საქართველოს წინააღმდეგ გვიწევს თამაში" - სერგეი რებროვი
დღეს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
საქართველო B ლიგის D ჯგუფში მოხვდა, რომელიც ასე გამოიყურება:
უნგრეთი
უკრაინა
საქართველო
ჩრდილოეთ ირლანდია
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ჯგუფი შეაფასა:
ვფიქრობ ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ კვლავ საქართველოს წინააღმდეგ გვიწევს თამაში, თუმცა ვფიქრობ, რომ თანაბარი ჯგუფია. მომდევნო თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ.
რაც შეეხება ყველაზე უსიამოვნო მეტოქეს, არ ვიცი, არ მინდოდა, რომ ჩვენ და უნგრეთი ერთ ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ ვითამაშებთ და რა თქმა უნდა ეს მატჩი მნიშვნელოვანი იქნება. უნგრეთი ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის, არ ვიცი როგორ მიმიღებენ, მე მხოლოდ ჩემ გუნდზე ვფიქრობ. - სერგეი რებროვი - უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
შეგახსენებთ, რომ კალენდარში ცვლილებაა და გასული წლებისგან განსხვავებით უეფამ გადაწყვიტა, რომ სანაკრებო მატჩებისთვის 2 ფანჯარა იქნება გამოყოფილი.
კერძოდ, ფიფას გადაწყვეტილებით 2026 წლიდან სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გაერთიანდება და ნაკრებები 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე 4 შეხვედრას გამართავენ.
როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ეროვნული ნაკრებები 2 მატჩს სექტემბერში ატარებდნენ, 2-ს კი ოქტომბერში ახლა კი ეს შეხვედრები აღნიშნული თარიღების პერიოდში გადანაწილდება. უცვლელად დარჩა ნოემბერში ჩასატარებელი 2 მატჩის განრიგი, რომელიც 9-დან 17-მდე გაიმართება.