გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მეკარეებს შორის რეკორდი დაამყარა
საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თავისი კლუბის ისტორიაში რეკორდი დაამყარა და ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში სულ მცირე 50 შეხვედრა ჩაატარა.
ამ მომენტისთვის, 22 წლის ქართველი მეკარე კლუბის ისტორიაში იმ 22 კარის დარაჯს შეუერთდა, რომელსაც "ღამურების" მაისურით სულ მცირე 50 მატჩი აქვთ ჩატარებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ამბავში ის გარემოებაა, რომ ქართველი ფეხბურთელი ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა კლუბის 104-წლიან ისტორიაში, რომელმაც 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი მამარდაშვილმა აღნიშნული მიღწევა 22 წლისა და 8 თვის ასაკში დააფიქსირა, ხოლო აქამდე სხვა არცერთ მეკარეს ასეთი შედეგისთვის 23 წლამდე არ მიუღწევია.
მამარდაშვილს ლა ლიგის შემდეგ ტურში თამაშის შემთხვევაში თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ნიდერლანდელი იასპერ სილესენის შედეგის გამეორება შეუძლია, 52 მატჩით კი მე-20 პოზიციაზე ტიმორი იმყოფება.
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "დინამო თბილისიდან" იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.
ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, "მანჩესტერ იუნაიტედს", ლონდონის "ჩელსის", "ტოტენჰემს", "ასტონ ვილას" და "ლესტერ სიტის" აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.