გიორგი მამარდაშვილის ფასი 25 მილიონი ევრო გახდა
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ფასი 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა უკვე 25 მილიონ ევროს შეადგენს.
22 წლის ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა პორტალმა, Transfermarkt-მა 8 ნოემბერს განაახლა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ მომენტისთვის, მამარდაშვილი "ვალენსიას" შემადგენლობაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და მას მხოლოდ გუნდის კაპიტანი, ხოსე გაია უსწრებს, რომელიც 40 მილიონად ფასობს.
რაც შეეხება მსოფლიოში ყველა მოქმედი მეკარის ღირებულებას, თავის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის გიორგი მამარდაშვილი მე-12 ადგილზეა, მას მხოლოდ ისეთი გოლკიპერები უსწრებენ, როგორებიც ტიბო კურტუა, ჯანლუიჯი დონარუმა, ალისონ ბეკერი, ედერსონი, იან ობლაკი, მაიკ მენიო, ჯორდან პიკფორდი, მარკ ანდრე ტერ შტეგენი და სხვები არიან.
მიმდინარე სეზონში, ქართველ მეკარეს "ღამურების" შემადგენლობაში ლა ლიგაში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 15 გოლი გაუშვა. მამარდაშვილმა კარის მშრალად შენახვა 2-ჯერ მოახერხა.