გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სტატისტიკური გამოცემის, whoscored-ის ვერსიით, ბოლო სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში მეკარის პოზიციაზე 21 წლის ქართველი გოლკიპერი მოხვდა, რომელსაც 7.4 შეფასება ჰქონდა.
მამარდაშვილთან ერთად გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკი, როდრიგო, ვინისიუს ჯუნიორი, იანიკ ფერერირა კარასკო, როდრიგო დე პაული და სხვები არიან.
მეექვსე ტურში, მამარდაშვილის "ვალენსია" "რაიო ვალეკანოსთან" სტუმრად - 1:2 დამარცხდა, თუმცა, როგორც ესპანურმა გამოცემებმა აღნიშნეს, რომ არა ქართველი მეკარე, "ღამურები" უფრო მეტ გოლს გაუშვებდნენ.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა “ღამურების” 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაუშვა, ერთხელ კი კარის უსაფრთხოება მშრალად დაიცვა.
“ვალენსიას” 5 ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს, ხოლო შემდეგ შეხვედრას ქართველი მეკარის გუნდი ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ, 17 სექტემბერს გამართავს.