გიორგი გველესიანი: "ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დამასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში არასდროს მითამაშია"
ქართველი ცენტრალური მცველი, გიორგი გველესიანი, რომელიც ირანული "პერსეპოლისის" შემადგენლობაში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს, ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს, რის მერეც მან სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
"გუშინ სპარსეთის ლიგის 202/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დამასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეტენდენტები ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა, ჩათვალეს, რომ ეს პრიზი მე დავიმსახურე.
ეს არის დიდი მოტივაცია ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს, როგორც ლეგიონერი.
მოტივაცია და თავდაჯერებულობა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მით უმეტეს, როცა არასდროს მითამაშია საკუთარი ქვეყნის ნაკრებში, U17 U19 U21 ნაკრებებში, 1 წუთიც კი. შეიძლება იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ იყო დროც, როცა ეს დავიმსახურე და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას, თითქოს არ ვარსებობ, თითქოს ეროვნების გარეშე ვარ. მათ თვალები ფართოდ აქვთ დახუჭული და ყურები დახშული.
განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის, "პერსეპოლისის" წევრი ვარ! წლიდან წლამდე პროგრესი მაქვს და ვინც მიცნობს, ხვდება, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს საქმეზე. გარდა ამისა, ყველა ოცნებობს ნაკრებში თამაშზე და მეც ასე ვარ.
ეროვნული ნაკრების წევრობა მწვანე შუქს აჩენს ბევრ გზაზე და ხსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს კარიერაში, ამ სარგებლის გარეშე, გზა, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს, რთული ხდება. შესაძლოა, ისინი ელოდნენ, რომ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ვითამაშებდი, ვინ იცის, ალბათ, შემეძლო... თუ დამეხმარებოდნენ, მაგრამ არასოდეს უცდიათ.
არც ვწუწუნებ და არც მოწყალებას ვითხოვ, არც ნაკრებში გამოძახებას. მე უბრალოდ ვაგრძელებ მუშაობას და ვაგრძელებ ჩემს ყოველდღიურობას. მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს და საბედნიეროდ, ირანიდან და ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას და მოტივაციას მაძლევს, რათა უფრო და უფრო გავზარდო ჩემი თავდაჯერებულობა.
მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ შრომა დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის!", - წერს 31 წლის ფეხბურთელი.
2022/23 წლების სეზონში გიორგი გველესიანმა ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა.