Belive

"გერმანიაში ტურისტებად ჩასვლას არ ვაპირებთ" - ვილი სანიოლი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. გულშემატკივრებით გადაჭედილ "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ქართველი გულშემატკივრის 30-წლიანი ოცნება ახდა და "ჯვაროსნები" EURO 2024-ზე ითამაშებენ. ამ ტრიუმფისკენ ნაკრებს ვილი სანიოლი გაუძღვა. ფრანგი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 წლის წინ დაინიშნა და როგორც თავად აღნიშნავს, ამ დროის მანძილზე, იყო წარუმატებლობა და დაღმასვლაც, თუმცა, თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო.

ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალება l'equipe ვილი სანიოლის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფრანგი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ აუტსაიდერობის მიუხედავად, "ჯვაროსნები" გერმანიაში ტურისტებად არ მიდიან!

ამ წარმატებას არ ველოდით. ჯერ კიდევ გვიჭირს მომხდარის გაცნობიერება. მოთამაშის რანგში კარიერაში ბევრი გასაოცარი მომენტი მქონდა, მაგრამ ეს სულ სხვაა - ამ სიხარულმა, ქვეყანაში საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. სწორედ ამისთვის ვშრომობდით 3 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუება და ფეხზე წამოდგომაც.

ნაკრებში რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი მყავს. ხვიჩა კვარაცხელია - მას უკვე ყველა იცნობს. როდესაც ნაკრები ჩავიბარე გიორგი მამარდაშვილი საქართველოში მე-2 ან მე-3 ნომერი იყო, მაგრამ ესპანეთში მიცემული შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა და ახლა ის ვარსკვლავია. ძალიან მომწონს ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი. საბერძნეთთან მოგებული ფინალის შემდეგ, ჩემს მოთამაშეებს ვესაუბრე და მათ მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტებად წასვლას არ აპირებენ. აუტსაიდერებად შეგვრაცხეს, მაგრამ ჩვენ არ ვითამაშებთ, როგორც აუტსაიდერები! 2021 წელს, როდესაც ნაკრები ჩავიბარე ერთა ლიგის D-დივიზიონში ვთამაშობდით, ახლა კი B-დივიზიონში ვართ. ამბიციურები უნდა ვიყოთ და რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღოთ, რათა მომავალში ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლა შევძლოთ.

- ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველი დაპირისპირება თურქეთთან, 18 ივნისს შედგება. მეორე მატჩში, 22 ივნისს ჩეხეთს შევხვდებით, ხოლო 26 ივნისს, "ჯვაროსნები" პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები