"გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ" - ოთარ კიტეიშვილი
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში ავსტრიაში ემზადება. 2 ივნისს, "ჯვაროსნებმა" მორიგი ვარჯიში გამართეს, სადაც 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის შეკრებას გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.
სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ, კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მზადება არასრული შემადგენლობით დავიწყეთ და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. შემოგვიერთდა მოთამაშეთა ნაწილი და მომდევნო კვირაში სრული შემადგენლობით შევიკრიბებით.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის. ვცდილობთ, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ მოახლოებულ თამაშებზე და ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ.
თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ მეტი ივარჯიშოს, უფრო მონდომებული იყოს და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და სასიამოვნოა. ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ. ამიტომ, საჭიროა ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიაროთ. - ოთარ კიტეიშვილი.
შეგახსენებთ, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.