Belive

გაგა კირკიტაძე: "მეტოქე ჩვენზე მაღლა დგას, მაგრამ საქართველოს სახელის დასაცავად მაქსიმუმს გავიღებთ" 

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის წინ, "გაგრას" მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, "სუტიესკასთან" ჩატარებული პირველი მატჩის, მოახლოებული მეორე შეხვედრის, გუნდში არსებული გარემოს და ატმოსფეროს შესახებ ისაუბრა.
"ერთია, როცა მეტოქეს თეორიულად აფასებ და მეორე როცა მოედანზე ხედავ და პრაქტიკაში აანალიზებ. ჩვენ ვნახეთ თუ რა გუნდია "სუტიესკა". რაც შეეხება ფეხბურთელებს, ყველანი ჯანმრთელად და ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გვაკლია, არის თორნიკე მუმლაძე, მას ტრავმა პირველ მატჩამდეც ჰქონდა. ასეთი ტიპის მატჩებს სტრესი ყოველთვის თან ახლავს. წინა შეხვედრაშიც ასე იყო, სადაც ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მათ შორის ერთი 100%-იანი. დაძაბულობას და სტრესს განაპირობებს ისიც, რომ ჩვენ საქართველოს რანგით მეორე ლიგაში ვთამაშობთ და ჩვენს ბევრ ფეხბურთელს საქართველოს უმაღლეს დივიზიონშიც კი არ უთამაშიათ. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენა სცადეს.  წინასწარ არ გვინდა, რომ ფუჭი მოლოდინები შევქმნათ, უბრალოდ პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ფეხბურთი იმიტომ არის სპორტის პირველი სახეობა, რომ გულშემატკივრის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ სადაც ვითამაშეთ პირველი მატჩი, ბევრი ქომაგი იქაც არ ყოფილა, თუმცა თავის კლუბს მაქიმალურად ქომაგობდნენ. ფეხბურთი გულშემატკივრისთვის არის და დიდი იმედი მაქვს ხვალ ქომაგები ტრიბუნას დაამშვენებენ. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მათი გახარება შევძლოთ. ჩვენთან ჩემპიონატი მიმდინარეობს და ტონუსში ვართ, რაც შეიძლება ჩვენთვის უპირატესობა იყოს, თუმცა მეტოქეს საკმაოდ კარგი, დაბალანსებული გუნდი ჰყავს, რომელიც ჩვენზე მაღლა დგას. 4-ჯერ ისინი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი ვიცე-ჩემპიონები არიან. ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მთლიანად მონტენეგროში ფიზიკურად ძლიერი ხალი ცხოვრობს. შანსების პროცენტულად შეფასებისგან თავს შევიკავებ. ვცდილობ, ყველაფერს რეალისტურად შევხედო. ერთადერთი, რისი დაზუსტებით თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მოედანზე იმისთვის გამოვალთ, რომ შემდეგი მატჩი უკვე ისრაელში, მეორე ეტაპის ეგიდით ჩავატაროთ.  მე ძალიან კარგად ვიცი რა იყო კლუბის დამფუძნებლების იდეა, რადგან აქ ვთამაშობდი, აქ გავიზარდე და ვცდილობ ჩემს ფეხბურთელებსაც იგივე იდეა გადავცე. ვიცით, რომ საქართველოს სახელს წარმოვადგენთ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა", - თქვა გაგა კირკიტაძემ.
"გაგრა" - "სუტიესკას" მატჩი 15 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები