Belive

გადაწყვეტილია: ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს - ქართველი მწვრთნელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა "აპოლონთან" კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრის ფრედ დასრულების (1:1) შემდეგ ისაუბრა.
"იმის მიუხედავად თუ რომელ გუნდს უფრო მეტი ქულა აქვს, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქამდე მოვედით. ჩვენ ვითამაშეთ ის, რაც ვიცით. ამ სეზონში ჩვენ ჩემპიონატიდან ევროსაგზურის მოპოვება ვერ მოვახერხეთ და როცა ასე ხდება, პასუხისმგებლობას მწვრთნელი იღებს. მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ გუნდმა ზედიზედ მეორე წელს ვერ მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება. მჯერა, რომ პლეი-ოფის ყველა მატჩში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სხვა გუნდი ჩვენზე უკეთესი არ იყო. ყოველთვის იყო რაღაც ხარვეზი ჩვენს თამაშში, რამაც სამი ქულის აღებაში ხელი შეგვიშალა. ჩვენ ბედმა ზურგი გვაქცია. ახლა მთავარი ხელჩასაჭიდი თასია, რომელზეც "აპოელთან" ორი რთული მატჩი გველის. იმედი მაქვს, რომ თასის ფინალი "ანორთოსისთან" ერთად ჩემი ბოლო მატჩი იქნება. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელების მიერ ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული შრომით. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და მრავალი წლის შემდეგ მათ კლუბს საშუალება მისცეს, რომ ტიტულს მიახლოვებოდნენ. თქვენ იცით შარშან რაც მოხდა, მაგრამ წელს ჩვენი ოცნება კვლავ გრძელდება. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ დანებებას ვაპირებთ. ჩემი კონტრაქტი მთავრდება და იმედი მაქვს, მას თან ფინალი დაერთვება. კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ, ეს არის ის, რაც არ მსურს", - თქვა 53 წლის ქართველმა სპეციალისტმა.
თემურ ქეცბაია ფამაგუსტურ კლუბში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გუნდს 56 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 29 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 14-ში დამარცხდა. ქეცბაიას ხელმძღვანელობით, "ანორთოსისში" შვიდმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა მიქაიამ, გიორგი ლორიამ  (მეკარეები), მურთაზ დაუშვილმა, ჯანო ანანიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა (ნახევარმცველები), ნიკა კაჭარავამ და გიორგი ქვილითაიამ (თავდამსხმელები) ითამაშა. მიმდინარე სეზონში გუნდის ორი საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი, შესაბამისად, 15 და 9 გოლით არიან.

სხვა სტატიები