Belive

დემბელეს გამო, FIFA-მ ბარსელონას შესაძლოა ყოველდღიურად 21 000 ევრო გადაუხადოს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შესაძლოა ისე მოხდეს, რომ FIFA-მ "ბარსელონას" ყოველდღიურად კომპენსაციის სახით 20 548 ევრო გადაუხადოს. საქმე უსმან დემბელეს ეხება, რომელმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ტურნირზე ვეღარ დაეხმარება. "ბარსელონას" მეთერთმეტე ნომერს მარჯვენა მუხლის ბიცეპსის მყესის ტრავმა აქვს, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. კერძოდ, ეს შემთხვევა იმას გულისხმობს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს არსებული წესდებით აქვს გათვალისწინებული, რომ თუ ფეხბურთელები სანაკრებო მატჩების მიმდინარეობის დროს მსგავსი ტიპის დაიზიანებას მიიღებენ, მაშინ ფიფა კლუბებს კომპენსაციას გადაუხდის. აღნიშნული პროგრამა 2019 წლის ივნისში განახლდა და იგი ფეხბურთელებისა და კლუბების დაცვას ისახავს მიზნად. პროგრამა ვრცელდება ყველა იმ ტრავმაზე, რომელსაც ფეხბურთელები 2019 წლიდან მოყოლებული ჩატარებულ სანაკრებო შეხვედრებში მიიღებენ. ამ შემთხვევაში, თითოეულ გამოტოვებულ დღეზე ფიფას კლუბებისთვის 20 548 ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა ეს მაშინ, თუ ფეხბურთელს დაზიანების გამო სულ მცირე 28 დღე გაუცდება. საამისოდ, კლუბმა ფეხბურთელის დაზიანების დეტალები ფიფას უნდა აცნობოს. წესდების მიხედვით, ყოველდღიურ კოპმენსაციას ფიფა კლუბებს მაქსიმუმ ერთი კალენდრული წლის განმავლობაში გადაუხდის. 24 წლის ფრანგი შემტევი "ბარსელონას" 2017 წლის აგვისტოში, ნეიმარის წასვლის შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსიადან" 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება ვერ მოახერხა და 118 შეხვედრაში 30 გოლის გატანა და 21 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები