Belive

ფეხბურთზე მეტი - მანჩესტერისა და ლივერპულის ისტორიული მტრობა

1 დღის წინ ფეხბურთი
3 წთ

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ დერბი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა. მართალია, ორივე გუნდს მშობლიურ ქალაქშიც ჰყავს გამორჩეული კონკურენტი, თუმცა ჩრდილო-დასავლეთ ინგლისის ამ ორი გრანდის დაპირისპირება ორივე კლუბისთვის მთავარ დაპირისპირებად რჩება.

ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ორივე კლუბი ტიტულებითა და მიღწევებით გამორჩეულია, თუმცა მათი დაპირისპირების სიმძაფრის მხოლოდ სპორტული ფაქტორებით ახსნა არასაკმარისი იქნებოდა. ამ მეტოქეობას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს და მისი ფესვები ორ ქალაქს შორის არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დაპირისპირებაში უნდა ვეძებოთ.

1969 წელი - ჯორჯ ბესტი ლივერპულის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერი და ლივერპული ერთმანეთისგან სულ რაღაც 55 კილომეტრით არის დაშორებული, ორივე ქალაქს განსხვავებული იდენტობა, კულტურა და ისტორიული გამოცდილება აქვს. მანჩესტერსა და ლივერპულს შორის არსებული დაძაბულობის სათავეები ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც ორ ქალაქს შორის ეკონომიკური და სამრეწველო კონკურენცია განსაკუთრებით გამწვავდა.

XVIII საუკუნემდე მანჩესტერი მოსახლეობის რაოდენობით ლივერპულს მნიშვნელოვნად აღემატებოდა და ჩრდილოეთ ინგლისის მთავარ ქალაქად მიიჩნეოდა. თუმცა საუკუნის მიწურულს ლივერპული მნიშვნელოვან საზღვაო პორტად ჩამოყალიბდა. მომდევნო ათწლეულებში ლივერპული სწრაფად გაიზარდა, მანჩესტერს გაუსწრო და XIX-XX საუკუნეებში დიდი ბრიტანეთის მეორე ქალაქის სტატუსითაც მოიხსენიებოდა.

ქალაქებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მანჩესტერის საზღვაო არხის მშენებლობის შემდეგ. პროექტი მანჩესტერელმა ვაჭრებმა დააფინანსეს, თუმცა მას ლივერპულელი პოლიტიკოსები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ახალი არხი მათი ქალაქის პორტის ეკონომიკურ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა.

1894 წელს არხის დასრულების შემდეგ ლივერპულის დოკერებსა და მანჩესტერის მუშებს შორის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაღრმავდა. საინტერესოა, რომ არხის გახსნიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინამორბედმა კლუბმა, „ნიუტონ ჰითმა“, „ლივერპულს“ პირველად დაუპირისპირდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ორ ქალაქს შორის ისტორიული მეტოქეობის საფეხბურთო საწყისები.

ორი კლუბის უშუალო სპორტული დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა 1960-იან წლებში, როდესაც ბილ შენკლიმ „ლივერპული“ ინგლისის პირველი დივიზიონის ერთ-ერთ მთავარ ძალად აქცია. ამ პერიოდში „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონობისთვის უშუალოდ იბრძოდნენ. 1964-1967 წლებში გუნდებმა ჩემპიონობა ოთხჯერ გაინაწილეს - თითოეულმა კლუბმა ორ-ორი ტიტული მოიპოვა.

1970-იან და 1980-იან წლებში დაპირისპირება განსაკუთრებულად გამწვავდა. დღეს, ამ კლუბების შეხვედრა გაცილებით მეტია, ვიდრე ფეხბურთი - ეს არის ორ ქალაქს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული კონკურენციის გაგრძელება, რომელმაც ფეხბურთშიც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები