ფანობა, მამარდა, ცეკვა-თამაში... რით გამოგვარჩიეს მაყურებლებმა?
დღეს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი იწყება და ამ ამბის ერთ-ერთი ბრილიანტი საქართველოს ეროვნული ნაკრებია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროზე პირველად გასულმა ჩვენმა ნაკრებმა ისიც მოახერხა, რომ ჯგუფი დაძლია და ხვალ მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 18 ივნისიდან დღემდე (თურქეთთან პირველი შეხვედრა) ჯვაროსნებმა სხვადასხვა კუთხით მიიქციეს უდიდესი ფორუმის მაყურებელთა ყურადღება. ერთ-ერთი ესპანური გამოცემა NATURAHOY.COM, რომელიც სრულად სპორტული ვებ-გვერდი არ არის, შემთხვევით შერჩეულ 6 გამომწერს ევრო 2024-ის გარშემო უსვამს შეკითხვებს, რესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა კონტექსტში ახსენებენ და არ მალავენ, რომ მოხიბლული არიან ამ ნაკრებით.
რა იყო ყველაზე სასაცილო ამბავი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე დაგამახსოვრდათ?
გახსოვთ ის სცენა "მატრიცას" ერთ-ერთი ფილმიდან, სადაც ნათქვამია, რომ ფრანგულად ლანძღვა საუკეთესოა. რას იტყვით ფრანგზე, რომელიც ინგლისურად იგინება? ვილი სანიოლის მიერ სიტყვა "tw*t"-ის გამოყენება შესანიშნავი იყო, თანაც სასაცილო - გამომწერი სახელად Horncastle
სიცოცხლის ბოლომდე, ყოველდღიურად ერთი ნაკრების ფორმის ჩაცმა რომ მოგიხდეთ, რომელს აირჩევდით?
რადგან უკვე ახსენეს საფრანგეთის გასვლითი ფორმა და ერთი და იმავეს ვერ ავირჩევთ, საქართველოში წავიდოდი. მათი თეთრი, საშინაო მაისური. თან MACRON-იც მიყვარს (MACRON-სპორტული ბრენდი, რომელიც საქართველოს ეკიპირებას უკერავს) - გამომწერი სახელად Slater
ვინ არის ტურნირის ის მოთამაშე, რომელსაც ყურადღება უდიდესმა კლუბებმა უნდა მიაქციონ?
საქართველოსა და 'ვალენსიას' მეკარე გიორგი მამარდაშვილს უკვე თვალყურს ადევნებენ - აუცილებლად უძლიერეს კლუბში უნდა წავიდეს. სამივე თამაშში გამორჩეული იყო, ბრწინვალე სეივებით.
23 წლის გიორგი მამარდაშვილი თავისი საქმის მანუელ ნოიერი და დავიდ დე ხეაა. ყველა მას აკვირდება - ის საოცარი ამღებია (shot-stopper) - გამომწერები Whitehead და Anka
რამ გაგაოცათ ყველაზე მეტად?
ჩეხეთთან თამაში წინ ქართველი ფანების მიერ ეროვნული ჰიმნის შესრულებამ, ისინი ყველანი სიამაყით იყვნენ სავსე. მთელი დღე ჰამბურგში მათი ხმა ისმოდა და თამაშის დასრულების შემდეგაც, შუაღამემდე არ გაჩერებულან და ფრეს ზეიმობდნენ. ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ დიდი წვეულების მოწყობა. - გამომწერი სახელად Anka
ვისი თამაშის ყურებაა ყველაზე სახალისო?
უდავოდ საქართველოს ნაკრების. ისინი გაბრაზებული ხარებივით თამაშობენ და ეთიკა არ უნდა მოსთხოვოთ. ბოლო მომენტამდე იცდიან, ელიან და შემდეგ ბურთს ისე მისდევვენ, როგორც ხარი აფრიალებულ წითელ არშიას - გამომწერი სახელად Whitehead
რომელმა მომენტმა მოგანიჭათ ყველაზე მეტი სითბო?
- ეს იყო ქართველი ფეხბურთელების ზეიმი, სიმღერა და ცეკვა სტადიონიდან გამოსვლისას, როცა მათ პორტუგალიას ისტორიული შეხვედრა მოუგეს.
Georgia players dance through the mixed zone after their famous win over Portugal, and qualification into the #Euro2024 knockouts.
— The Athletic | Football (@TheAthleticFC) June 26, 2024
🎥 @OliverKay pic.twitter.com/TpqU7exi85