Belive

ევროპული მედია: რეალის 300 მილიონიანი გეგმა - კვარა და კიდევ 2 ვარსკვლავი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის "რეალის" არსებულ ინტერესზე საუბარი ევროპულ მედიაში ისევ გრძელდება.

სხვადასხვა იტალიური და ესპანური მედიაპლატფორმები ამტკიცებენ, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავის დამატებას "ბლანკოსები" ახალი პროექტის პირობებში აპირებენ. კონკრეტულად, "თეთრებს" სურთ, რომ 300 მილიონი ევროს გამოყოფით, ორი ახალგაზრდა და ერთი გამოცდილი ვარსკვლავი დაიმატონ: ჯუდ ბენლინგემი, ხვიჩა კვარაცხელია და ჟოაო კანსელუ.

იტალიური Repubblica-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა. ამავე დროს, ფლორენტინო პერესი მწვრთნელის საკითხის გარშემოც მუშაობს და დარჩება თუ არა კლუბში კარლო ანჩელოტი, ეს ცნობილი მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გახდება.

რაც შეეხება "ნაპოლის" და აურელიო დე ლაურენტისს, ისინი ქართველი ფეხბურთელის 110 მილიონ ევროზე ნაკლებად დათმობას არ აპირებენ, პარალელურად კი კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებას და ფინანსური პირობების საგრძნობ გაუმჯობესებას ცდილობენ.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება "ნაპოლის", 26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გუნდი სერია A-ში 68 ქულით ერთპიროვნულად და უახლოეს კონკურენტ მილანის “ინტერთან” 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. შემდეგ მატჩს ნეაპოლელები შიდა ჩემპიონატში 19 მარტს, “ტორინოს” წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 16 მარტს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო დუელში ფრანკფურტის “აინტრახტს” საშინაო კედლებში შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები